ბექა ლილუაშვილი: სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში ელიტარულ ფიგურას არ წარმოადგენს, მკვახე ტყუილი გამოუვიდა, რაც მეორე დღესვე გამოაშკარავდა

ბექა ლილუაშვილი: სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში ელიტარულ ფიგურას არ წარმოადგენს, მკვახე ტყუილი გამოუვიდა, რაც მეორე დღესვე გამოაშკარავდა

სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში ელიტარულ ფიგურას არ წარმოადგენს, მას მკვახე ტყუილი გამოუვიდა, რაც მეორე დღესვე გამოაშკარავდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, სააკაშვილი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ მის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესია.

„ჩემზეა მომართული მთელი დასავლეთი სამყარო, ჩემს თავისუფლებაზეო. რთულია, მოიტყუო და შემდეგ ეძებო გზები, რომ ეს ტყუილი „გააპრავო“. მას მკვახე ტყუილი გამოუვიდა, რაც მეორე დღესვე გამოაშკარავდა. ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი სუბიექტები არიან. „ქართული ოცნების“ მოწადინებაა, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გამოდის, ფეისბუქ პოსტს დებს და შემდეგ მთელი პროპაგანდა ირთვება, რომ რამენაირად საზოგადოება სააკაშვილის ფაქტორით დააშინოს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში ელიტარულ ფიგურას არ წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მოწადინება რომ არა, მისგან კიდევ შექმნას პოლიტიკური საფრთხობელა, სააკაშვილი ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა აქტუალობას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.

მერაბ.g სააკაშვილისგან ტყუილი რა გასაკვირია; არსებამ ომი წააგო, იფორთხა და რუსთაველზე "გამარჯვების ზეიმი" მოაწყო და აკუნტრუშა მისი გონებადახშული მომხრეები!
საერთოდ, მფორთხავის ტყუილები რომ შეკრიბო, მიუნჰაუზენი და გაბროვოელები მასთან შედარებით სიმართლის მთქმელები გამოჩნდებიან
3 თვის უკან