დავით მათიკაშვილი: როდესაც ევროპაში მშვიდობა დამყარდება, საქართველოსადმი დამოკიდებულების ხარისხიც შეიცვლება და ის სურვილები და მოთხოვნები, რომლებიც ცალკეულ ძალებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ, აქტუალური აღარ იქნება

დავით მათიკაშვილი: როდესაც ევროპაში მშვიდობა დამყარდება, საქართველოსადმი დამოკიდებულების ხარისხიც შეიცვლება და ის სურვილები და მოთხოვნები, რომლებიც ცალკეულ ძალებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ, აქტუალური აღარ იქნება

ჩვენ კონგრესიდან მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი საქართველოსთან მიმართებით, ძალიან ბევრი თავდასხმა და არასწორი ინფორმაციის გაჟღერება და ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩენის მცდელობა იყო, როგორც ეს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს აწყობთ და სურთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინაში ომის დასრულება იქნება.

„როდესაც შეგიძლია შეადარო ერთმანეთს მოლდოვის და საქართველოს მაგალითი - რა მოცემულობაა მოლდოვასა და უკრაინაში და რა მოცემულობაა საქართველოში და როდესაც საქართველოსთან მიმართებით ამ ძალიან დიდი პროგრესის, წამატების, წინსვლის ფონზე ისმენ უსამართლო, აბსოლუტურად უარგუმენტო თავდასხმებს, ცხადია, რომ სუბიექტურობის ნიშანი ძალიან მაღალ დონეზეა.

რაც შეეხება იმას, როდის გადაიტვირთება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა - ჩვენ ამ ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი დღესვე გვაქვს. ბევრი რამ გაფუჭდა. ომის დაწყების პირობებში, ბევრი ისეთი ნაბიჯი იყო გადადგმული, რომელმაც ეს ურთიერთობები უკან დაწია. ჩვენ ასეთ ურთიერთობებს არ ვართ მიჩვეული. როდესაც ევროპაში მშვიდობა დამყარდება, საქართველოსადმი დამოკიდებულების ხარისხიც შეიცვლება და ის სურვილები და მოთხოვნები, რომლებიც ცალკეულ ძალებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ, აქტუალური აღარ იქნება. შესაბამისად, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი იზრდება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შესაძლებლობას, როგორც აშშ, ასევე საქართველო გამოიყენებს და ურთიერთობა გადაიხედება და დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.