ირაკლი კობახიძე: ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ 3-4 წლის განმავლობაში იმ უსამართლო და არასწორი მიდგომებით, რომლებიც ვიხილეთ. შესაბამისად, ამერიკული მხარის ხელშია ურთიერთობების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე: ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ 3-4 წლის განმავლობაში იმ უსამართლო და არასწორი მიდგომებით, რომლებიც ვიხილეთ. შესაბამისად, ამერიკული მხარის ხელშია ურთიერთობების გადატვირთვა

უხეირო არის თავად ის განცხადება, რომელშიც ეს სიტყვა იყო ნახსენები, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ამერიკის სენატში გაჟღერებულ განცხადებას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს უხეირო დიქტატორი უწოდეს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გადატვირთვაზე სწორედ ამერიკულმა მხარემ უნდა იზრუნოს.

„ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ არის ერთგვარი ისტერიკა კონკრეტულ ძალებში, რომლებსაც სურდათ საქართველოში მეორე ფრონტი, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ჩვენ ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ. 2020 წლის შემოდგომიდან მოყოლებული იყო რევოლუციის 2 მცდელობა. გახსოვთ რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად. ამ პირობებში, თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და თუ ვინმეს ხელეწიფება ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის სწორედ მეორე მხარე - ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ 3-4 წლის განმავლობაში იმ უსამართლო და არასწორი მიდგომებით, რომლებიც ვიხილეთ. შესაბამისად, მათ ხელშია ურთიერთობების გადატვირთვა.

როდესაც ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას „ენჯეოების“ პირდაპირი მონაწილეობით და როცა ამ პირობებში აპროტესტებ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ხდება ლოგიკური განცდა, რომ ვიღაცას უნდა „ენჯეოების“ ხელით რევოლუციის მესამე მცდელობა და ეს აღქმა არ უნდა დარჩეს ქართულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, სწორი, სამართლიანი და პრაგმატული იქნებოდა, რომ ნაცვლად მუდმივი საუბრისა სხვა თემებზე, ურთიერთობების გადატვირთვაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა კობახიძემ.