უნგრეთში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

უნგრეთში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

უნგრეთის მთავრობამ საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უნგრული განყოფილების წინააღმდეგ გამოძიება აღძრა. ამის შესახებ abcnews-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, გამოძიება უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის ოფისმა“ დაიწყო, რომელსაც ქვეყნის სუვერენიტეტის უცხოური გავლენებისგან დაცვა ევალება. მათ ორგანიზაციას ფინანსური და ოპერატიული ინფორმაცია მოსთხოვეს და განაცხადეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა უნგრეთის“ საქმიანობაზე „კონკრეტული და ყოვლისმომცველი გამოძიება“ დაიწყეს. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ოფისის მოთხოვნებს დაემორჩილებიან, მაგრამ თვლიან, რომ ეს სამსახური არაკონსტიტუციურია.

სუვერენიტეტის დაცვის ოფისი დეკემბერში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონის მიღების შემდეგ შეიქმნა. მას უფლება აქვს შეაგროვოს ინფორმაცია ნებისმიერი ჯგუფისა ან პირის შესახებ, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს და გავლენა აქვს საჯარო დებატებზე, ხოლო უნგრეთის საიდუმლო სამსახურებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მის გამოძიებას.

მთავრობა ამბობს, რომ კანონმდებლობა შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ მიიღონ დაფინანსება საარჩევნო კამპანიისთვის საზღვარგარეთიდან, მაგრამ ორბანის ოპონენტები მას რუსეთის „უცხო აგენტების“ კანონს ადარებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ის ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

გამოძიების დაწყების გამო „საერთაშორისო გამჭვირვალობა უნგრეთმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი.