შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხალხის ინტერესშია, რომ აქ ვინც შემოდის სტუმარი და ხარჯავს ფულს, ნება იბოძოს და უთხრას ქართველ ხალხს, რაში ხარჯავს ფულს

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხალხის ინტერესშია, რომ აქ ვინც შემოდის სტუმარი და ხარჯავს ფულს, ნება იბოძოს და უთხრას ქართველ ხალხს, რაში ხარჯავს ფულს

ჩვენი ხალხის ინტერესშია, რომ აქ ვინც შემოდის სტუმარი და ხარჯავს ფულს, ნება იბოძოს და უთხრას ქართველ ხალხს, რაში ხარჯავს ფულს, - ამის შესახებ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას „იმედის კვირასთან“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენზე ზემოქმედება ადვილად შეიძლება.

„ალბათ, ზოგს ჰგონია, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ და იმდენად გავლენიანი არ ვართ, შეიძლება ადვილად ზემოქმედება ჩვენს ქვეყანაზე და იმ გარემოს შენარჩუნება, რაც აქამდე ჰქონდა უცხო ქვეყნებს, რომ ისინი თავისუფლად ხარჯავდნენ ფულს ისე, რომ კაციშვილმა არ იცოდა, რაში მიდიოდა ეს ფული.

როგორც ჩანს, ბევრია დასამალი, ამიტომ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ის იყოს კანონმდებლობით მოწესრიგებული, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. ამიტომაც არის ჩვენი ხალხის ინტერესში, რომ აქ ვინც შემოდის სტუმარი და ხარჯავს ფულს, ნება იბოძოს და უთხრას ქართველ ხალხს, რაში ხარჯავს ამ ფულს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისარ, ვარჰეის სატელეფონო საუბარსაც გამოეხმაურა.

„მან პრემიერ-მინისტრს მიანიშნა, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს უკონტროლო მდგომარეობა და ასევე მიანიშნა იმ ფაქტზე, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ და მოკვლის მცდელობა იყო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ამგვარი მინიშნება ასეთ კონტექსტში გამაოგნებელია. არანაირი კავშირი კანონის მიღებას, თუნდაც პროტესტს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, არ უნდა ჰქონდეს ძალადობასთან და როდესაც ევროკავშირი უშვებს, რომ შესაძლოა, კანონშემოქმედებით პროცესს მოჰყვეს ძალადობა, ეს მგონი, ცოტა არ იყოს და ამ მხრივ მძიმე განცხადებაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.