შალვა პაპუაშვილი: ძალადობის სპირალს საფუძველი ჩაუყარა სწორედ „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა. ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოება ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ. პრემიერ-მინისტრის წერილიც ამას ემსახურება

შალვა პაპუაშვილი: ძალადობის სპირალს საფუძველი ჩაუყარა სწორედ „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა. ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოება ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ. პრემიერ-მინისტრის წერილიც ამას ემსახურება

ძალადობის სპირალს საფუძველი ჩაუყარა სწორედ „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა და ამ სპირალშია ახლა სწორედ საზოგადოება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ. პრემიერ-მინისტრის წერილიც ამას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი კვლავ მიმართავენ რადიკალურ ოპოზიციას, ჩაერთონ გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვაში.

„ეს არის მთავარი პრობლემა - საფუძველი ჩაუყარეს ძალადობის სპირალს, მათ შორის, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პირდაპირ ზიზღის კამპანია გააჩაღეს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. თქვენი კითხვიდანაც ჩანდა, ლეგიტიმაციაც კი ჰქონიათ მიცემული ამ ზიზღის კამპანიისთვის, იმიტომ რომ კანონპროექტი ვიღაცას არ მოეწონა - ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, აინიცირებს, განიხილავს კანონპროექტს და პოლიტიკურ უმცირესობას არ მოსწონს. თქვენ, მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი აძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს იყოს საფუძველი ზიზღის, მუქარის, ძალადობის კამპანიის.

ჩვენ ვნახეთ ზიზღი, როდესაც „ენჯეოები“ და ოპოზიცია პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები არიან, მოღალატეებად აცხადებენ და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, რომლებიც საელჩოების მხრიდან არის დაფინანსებული, დებენ ფოტოებს და ამ ადამიანებს მოღალატეებად აცხადებენ, დუმს ყველა საელჩო და ფულს იხდის საქართველოს პარლამენტის წევრზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თავდასხმაში. არც კი მიაჩნია საჭიროდ, გაემიჯნოს ამ ყველაფერს, ყველა ეს საელჩო მერე წუხს სხვა რაღაცებზე. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საელჩოებთან გვექნება საუბარი. რას ნიშნავს ეს, რომ პარლამენტის წევრზე ზეპირ ფსიქოლოგიურ თავდასხმასა და ზიზღის კამპანიას აფინანსებენ საელჩოები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულით?! ანუ, ლეგიტიმაციას აძლევენ ზიზღს, ძალადობას. ალეკო ელისაშვილის შემთხვევა ამიტომ გავიხსენე, რომელსაც პარლამენტის შენობიდან გასვლის შემდეგ, ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ - რომ ჰკითხოთ, ძალიან წუხან სხვა საკითხებზე.

ძალადობის ამ სპირალს საფუძველი ჩაუყარა სწორედ „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა და ამ სპირალშია ახლა სწორედ საზოგადოება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ. პრემიერ-მინისტრის წერილიც ამას ემსახურება. ამ ძალადობის სპირალიდან უნდა გამოვიდეს საზოგადოება. ამ სპირალში შეიყვანეს ქართველმა და განსაკუთრებით, უცხოელმა აქტორებმა, მათ შეიყვანეს, ვინც აუკრძალა ქართველ ხალხს ფიქრი და დისკუსია. თქვეს, რომ თქვენ არც კი გაბედოთ მუხლებზე მსჯელობა - ამას ჩვენ დავარქმევთ პირდაპირ რუსულ კანონს და მორჩა! იყვირეთ და ყვირილით ჩაახშეთ ნებისმიერი საღი აზრი. მათ შეიყვანეს სწორედ ამ ძალადობის სპირალში და ჩვენ გამოგვყავს ყოველ ჯერზე. ამდენი კვირაა, ყოველ ჯერზე ვცდილობთ, გამოვიყვანოთ ამ სპირალიდან, მათ შორის პარლამენტში როცა არის განხილვები. მოვუწოდებთ, შემოდით შინაარსობრივ დისკუსიაში. გვითხარით, შინაარსობრივად რა არგუმენტები გაქვთ საწინააღმდეგო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ღია წერილს აქვეყნებს და გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს.