შალვა პაპუაშვილი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტარების ვიზიტზე: უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუ ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ, სამწუხაროდ, ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს

შალვა პაპუაშვილი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტარების ვიზიტზე: უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუ ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ, სამწუხაროდ, ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს

უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუ ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ, სამწუხაროდ, ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტზე.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლისა და მასთან შეხვედრის სურვილი ბალტიის ქვეყნების, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა გამოთქვეს.

„მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის 13-14 მაისი, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა, არ არის კარგი დრო, რომ გვქონდეს საგნობრივი საუბარი და უკეთესი იქნებოდა, ამ განხილვების შემდეგ ყოფილიყო ვიზიტი. რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ ზოგადად პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. მათ დაგეგმილი აქვთ და როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად ის ვერ შეხვდება ვიზიტით ჩამოსულ პარლამენტარებს.

“პარლამენტის მხრიდან იქნება შეხვედრა, თუმცა, უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუ ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, უცხოელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი.

“ასევე, ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციის დროს. მათი აქ ვიზიტი, შესაძლებელია, რადიკალურმა ოპოზიციამ, მიიღოს როგორც წამახალისებელი რადიკალური ქმედებებისთვის. ამიტომ მათ ვუთხარი, ესეც მიიღონ მხედველობაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად რადიკალური ქმედებებისა და ძალადობისთვის აქციის დროს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.