კახა კალაძე: როცა ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას აფინანსებ, ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა

კახა კალაძე: როცა ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას აფინანსებ, ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა

როცა ერთი ხელით ამას [კარგ საქმეს] აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ, რაც ძვირფასია, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, აფინანსებ [კამპანიებს], ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა, - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დედაქალაქის მერს და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს წამყვანმა ჰკითხა რას ფიქრობს იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის შესახებ კანონს აღიქვამენ როგორც იარლიყის მიწებებას იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს მათი კონტროლი, რომ თითქოს ხელისუფლების მიზანია, რომ საბოლოო ჯამში, აღარ შემოვიდეს თანხები არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის და ისინი გაქრნენ.

„ძალიან მარტივად ვიტყვი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი შეეწინააღმდეგოს კარგი პროექტების განხორციელებას?! როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგო იმ კარგს, რაც უცხოური დაფინანსებით კეთდება ქვეყანაში. საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვართ, საკუთარი ქვეყნის მტრები ხომ არ ვართ?! ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც რა თქმა უნდა, დამაზიანებელია და მაქსიმალური მცდელობაა, რომ შეარყიონ ხელისუფლება, მიიღონ გარკვეული დაფინანსებები ორგანიზაციებმა, რომლებიც პირდაპირ არიან მხილებულნი პოლარიზაციის გაღვივებაში, ექსტრემიზმში, რევოლუციის მოწყობაში. საიდან ფინანსდებიან ესენი? - უცხოეთიდან, უცხოური ფონდებიდან.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, საიდან და ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას. დღეს ეს ცნობილი არ არის. არავინ არ იცის მაგალითად „სირცხვილია“ საიდან ფინანსდება, „დროა“ საიდან ფინანსდება, „ტალღა“, სხვები. უამრავი ექსტრემისტული ორგანიზაციაა შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზარდოს. შენ როდესაც ჩემი კეთილმოსურნე ხარ, გინდა ჩემი ქვეყნის განვითარება, გინდა, რომ დამიფინანსო მაგარი პროექტები, ამაში როგორ შეიძლება შეგეწინააღმდეგო?! მაგრამ როცა ერთი ხელით ამას [კარგ საქმეს] აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ, რაც ძვირფასია, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, აფინანსებ [კამპანიებს], ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა. შესაბამისად, ეს კანონი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. უნდა ვიცოდეთ ვინ არის მტერი და ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოყვარე“, - აღნიშნა კალაძემ.