კახა კალაძე: შოკირებული ვარ. ამდენი შეურაცხყოფა, ზიზღი, ბოღმა არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართ - არ გვაპატიებს საზოგადოება ამის უბრალოდ გატარებას - ამ ქვეყანაში ფაშიზმი უნდა დამთავრდეს

კახა კალაძე: შოკირებული ვარ. ამდენი შეურაცხყოფა, ზიზღი, ბოღმა არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართ - არ გვაპატიებს საზოგადოება ამის უბრალოდ გატარებას - ამ ქვეყანაში ფაშიზმი უნდა დამთავრდეს

კახა კალაძე for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით.

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარდა სხვა ფეხბურთელებსაც შეურაცხმყოფელი შინაარსის მესიჯებს უგზავნიან.

„მე ვნახე სხვა ფეხბურთელებს რა შინაარსის მესიჯებს უგზავნიან. მე პირადად შოკირებული ვარ. ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი ზიზღი, ამდენი ბოღმა არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ ოჯახის წევრების მიმართ. ეს არა მხოლოდ ფეხბურთელებზე და სპორტსმენებზე ხდება, არამედ ხელოვნების სხვა წარმომადგენლებზეც იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვთ. დღეს ჩვენ არ გვაპატიებს საზოგადოება ამის უბრალოდ გატარებას. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ - ამ ქვეყანაში ფაშიზმი უნდა დამთავრდეს

საზოგადოება ხვდება ჩვენ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ფეხბურთი, საერთოდ ვერ ერკვევიან, ეს მათი ქმედებებიდანაც ჩანდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. თუკი რამ სპორტის ინფრასტრუქტურა არსებობდა ყველაფერი გაანადგურეს და სამშენებლო მოედნებად ჰქონდათ გამოყენებული. 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყო, ეს პროცესი გაგრძელდებოდა და ფეხბურთი საერთოდ განადგურებული იქნებოდა.

დღეს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა ფეხბურთთან და ზოგადად სპორტთან მიმართ. დღეს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჩამოდის სათამაშოდ, ის ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ ითამაშოს და როგორ მოახერხოს მისი შესაძლებლობების საუკეთესო გამოვლენა. ამისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.