კახა კალაძე: ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, ჩვენ, პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დავგმოთ 

კახა კალაძე: ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, ჩვენ, პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დავგმოთ 

ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. ჩვენ, პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დავგმოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან, დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, ბულინგი. როდესაც მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტს, „პოსტ ტივის“ ჟურნალისტს, თქვენს კოლეგებს, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ცუდია, არ შეიძლება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, ეს ადამიანი გმირად გამოეყვანა, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია და რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დავგმოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პოლიციელებს ქვები ესროლოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, აგინოს, აფურთხოს.

„ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, რატომ არ გამოდიხართ და არ გმობთ, მაგალითად, „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტს თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, ბუღაძე თუ ამაღლობელი, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა აქციებზე, ეს სწორია? თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ეს იქნება ძალიან ცუდი და მძიმე. ხაბეიშვილის ქცევა ნორმალური იყო? კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების კორდონში შევარდნა, მათი შეურაცხყოფა, ქვების, მძიმე საგნების და ბოთლების სროლა. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით გამოხატოს, თუნდაც აქციებით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პოლიციელებს ქვები ესროლოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, აგინოს, აფურთხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.