ალექსანდრე რაქვიაშვილი: აკერმანის ტრენინგები და სხვა ვიდეოები რომ იდებოდა, გრანტი შეჭამეს, სისულელეზე გაფლანგეს დონორების ფული, ამის რევოლუციად გასაღება არაადეკვატურია

ალექსანდრე რაქვიაშვილი: აკერმანის ტრენინგები და სხვა ვიდეოები რომ იდებოდა, გრანტი შეჭამეს, სისულელეზე გაფლანგეს დონორების ფული, ამის რევოლუციად გასაღება არაადეკვატურია

აკერმანის ტრენინგები და სხვა ვიდეოები რომ იდებოდა, გრანტი შეჭამეს, სისულელეზე გაფლანგეს დონორების ფული, არაადეკვატურია ამის გასაღება, როგორც რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები აკერმანისა და „კანვასის“ ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებენ.

„სისულელეა. „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს ელანდება რევოლუცია. რევოლუციას ქმნიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ მართლა რაღაც მოხდეს. აკერმანის ტრენინგები და სხვა რაღაც ვიდეოები რომ იდებოდა, არ ვიცი ვისი იყო, სასაცილოა – გრანტი შეჭამეს, სისულელეზე გაფლანგეს დონორების ფული. ამის გასაღება რევოლუციად არაადეკვატურია. ელემენტარულად, სულ სხვანაირად ხდება ეს სამყაროში. რაც მთავარია, ყოველთვის წყარო არის მთავრობა და არა ვიღაც აქტივისტი. აქტივისტმა რაც არ უნდა იაქტივისტოს, არაფერი გამოუვა, თუ მთავრობა ადეკვატურად იქცევა. ამ შემთხვევაში, თუ რამე ხდება არასწორი, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალია, რადგან ისინი ცდილობენ ჩვენი საგარეო კურსი შემოატრიალონ და ხვდებიან ხალხის წინააღმდეგობას. 50 ათასი ადამიანი რომ შეიკრიბება, იქ ყველანაირი ადამიანი იქნება, ცუდიც და კარგიც, ბოროტიც და კეთილიც, პროვოკატორიც და არაპროვოკატორიც. ამაში არაფერი განსხვავებული არ არის. ამდენ ადამიანს როცა გააბრაზებ, მთელ რუსთაველს გადაავსებ გაბრაზებული ადამიანებით, რატომ უნდა გიკვირდეს, რომ იქ ვიღაც იქნება, ვისაც მოუნდება ბარიკადების აშენება, ქვის სროლა ან სხვა. ეს ხომ ძალიან ბუნებრივია. არ გააბრაზო ხალხი, რომ ათი ათასობით გაბრაზებული ადამიანი არ გამოვიდეს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა მუდმივად არის. თვითონ პროცესია თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. ამიტომ, ცუდზეც და კარგზეც პოლიტიკოსები იქნებიან პასუხისმგებელი და არა მხატვარი, პოეტი, რომლებიც მიტინგზე ყვირიან. უბრალოდ, საკითხავია, ვინ რა დოზით აიღებს პასუხისმგებლობას, იქნება ეს კარგ საქმეზე თუ ცუდ საქმეზე. ცხადია, პოლიტიკოსები იქნებიან პასუხისმგებელი ნებისმიერ შედეგზე, რაც არ უნდა მოხდეს, მიტინგები დამთავრდება კარგად თუ ცუდად“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.