შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანიისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანიისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული

მიმდინარე მიტინგებმა დაგვანახა, რომ ეს [პროცესი] ყველანაირად გაცდა იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში იყო დამკვიდრებული და რომელსაც ანგრევს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში დაფიქსირდა თავდასხმები არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამართალდამცველებზე, არამედ მოქალაქეებზეც. მაგალითად მან გმირთა მოედნის გადაკეტვის დროს დემონსტრანტებსა და მოქალაქეებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტები და ცნობილ ადამიანებზე ზეწოლა მოიყვანა.

„ვხედავთ შანტაჟსა და ზეწოლას საზოგადოების გამორჩეულ წევრებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე. ნახეთ როგორი ზეწოლაა მათზე იმისთვის, რომ დაფიქსირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და აქციების მონაწილეების სასურველი პოზიცია, მათ შორის სიტყვა-სიტყვით სასურველი პოზიცია. პირდაპირ ცენზურაზე არიან გადასულები ტერორის მეთოდებით და იმ შემთხვევაში თუ რაღაც სიტყვა, რაღაც ფრაზა არ ემთხვევა, დამატებით მორალურ ტერორზე გადადიან როგორც ამ ადამიანების, ასევე მათი ოჯახის წევრების მისამართით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეაფასოს ეს. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ პროტესტის კულტურას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანიისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, მათ შორის სოციალურ ქსელებში.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათ ოთახში ნათქვამი სიტყვები, არამედ საჯარო განცხადებები, რომლებიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათი ოჯახის წევრებზე. თავისთავად, როდესაც საზოგადოებას ექნება რაიმე რეაქცია, მორალური შეფასება ამ საკითხების, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ მიზნით „ქართული ოცნება“ იწყებს მონაცემთა ბაზის შექმნას, „სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული“.