ბექა ოდიშარია: არც გიული ალასანია, არც კეზერაშვილი დიდი ხანია, არ წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ მაინც მოხვდნენ „ფარას“ რეესტრში, საიდანაც შევიტყვეთ მათი მავნე საქმიანობის შესახებ

ბექა ოდიშარია: არც გიული ალასანია, არც კეზერაშვილი დიდი ხანია, არ წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ მაინც მოხვდნენ „ფარას“ რეესტრში, საიდანაც შევიტყვეთ მათი მავნე საქმიანობის შესახებ

არც გიული ალასანია და არც კეზერაშვილი დიდი ხანია, არ წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ მაინც მოხვდნენ „ფარას“ რეესტრში, საიდანაც მათი მავნე საქმიანობის შესახებ შევიტყვეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ოდიშარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

„ქართულ კანონს კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან და არა რუსულ კანონს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და, ზოგადად, მთავრობის მაღალჩინოსანი კვლავ უარგუმენტოდ მოგვმართავს, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აცხადებს, რომ ეს შეიცავს რაღაც საფრთხეებს და შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობები ტურბულენტურ მდგომარეობაში გადაიყვანოს. ჩვენ გვაქვს კეთილშობილური განზრახვა. ამერიკული და ევროპული სტანდარტია გამჭვირვალობა, დემოკრატია, საზოგადოების ინფორმირებულობა. გასაკვირია, რაც შეიძლება იუპიტერისთვის, რატომ არ შეიძლება ხარისთვის. სულაც არ მიგვაჩნია, რომ პარტნიორობა არის უფროს და უმცროს მეგობრებს, ძმებს შორის ურთიერთობა. ჩვენ ასეთი ისტორია უკვე გვქონდა, როდესაც საბჭოთა კავშირის რუსეთის ფედერაცია გვეუბნებოდა, რომ არის უფროსი მეგობარი, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი და ასეთ ურთიერთობებს დაეთხოვა. ახლა ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიძებნება სამართლიანი მოსაზრებები, მიდგომები, რომლებიც კვლავ გააწონასწორებს 34-წლიან ურთიერთობებს, რომელსაც ასე ძალიან ვუფრთხილდებით.

ამ კანონს არანაირი შეხება არ აქვს რუსულ კანონთან, მაგრამ „ფარასთან“ ნამდვილად აქვს გარკვეული შემხებლობა, თუმცა „ფარა“ გაცილებით მკაცრია. „ფარასგან“ განსხვავებით, ქართული კანონი ფიზიკურ პირებთან შემხებლობას, სისხლის სამართლებრივ დევნას და საქმიანობის აკრძალვას არ ითვალისწინებს. „ფარა“ მხოლოდ განიხილავს, აღიქვამს და ხედავს გარკვეული მთავრობების, სახელმწიფო წარმომადგენლების ქმედებებს და მათგან მომდინარე საფრთხეებს. მინდა, შევახსენო მათ და მადლობა უფალს, რომ არც ქალბატონი ალასანია და არც კეზერაშვილი, არც სხვები დიდი ხანია, არ წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ ისინი მაინც მოხვდნენ „ფარას“ რეესტრში, საიდანაც მათი ავი ზრახვებისა და მავნე საქმიანობის შესახებ შევიტყვეთ. ამისთვის ჩვენ ვემადლიერებით როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ამ კანონმდებლობას.

დარწმუნებული ვარ, ეს რიტორიკაც შეიცვლება, რა დროს და რა წამსაც კი ისინი სწორად გაანალიზებენ. ბევრჯერ ვყოფილვართ მოწმენი, რომ მილიონერი „ენჯეოების“ მიერ მიწოდებულ ფეიკნიუსებზე დაყრდნობით არაერთ სერიოზულ ანგარიშში მოხვედრილა ისეთი არარეალური ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად არ შეეფარება პარტნიორებს შორის ურთიერთობას და მისხალ სიმართლესაც კი არ შეიცავდა. მინდა, დავიტოვო იმედი, რომ ეს კვლავ ასეა. გამჭვირვალობა, დემოკრატია, საზოგადოების ინფორმირებულობა და საზოგადოებისთვის შეტყობინება, რომელი დონორი ახორციელებს კეთილშობილურ ინვესტიციებს, ვინ აფინანსებს პოლარიზაციას, ექსტრემიზმს, ტერორიზმს – რა არის აქ შეუსაბამო ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან?“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს განსხვავებული რამ არის.

მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღნიშნა: „FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“, ისინი 12 წელია, აღარ არიან „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“. სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს“.