ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ გადაწყვეტილებას - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ გადაწყვეტილებას - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“

დღეს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭომ და მისმა 46-მა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა.

როგორც ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს 46 ქვეყნის მკაფიო გამოხმაურებაა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე.

„წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, უზრუნველყოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. ასევე, მინისტრთა კომიტეტი მიესალმა ევროპის საბჭოს რეიკიავიკის ისტორიული სამიტის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კოლექტიურად მოუწოდეს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების სრულად გაყვანისკენ”, - აღნიშნა ტალიაშვილმა.

დოკუმენტში ასევე, ხაზგასმულია ბოლო წლებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ, რომლითაც საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა.