დავით ქართველიშვილი: გუშინ თბილისში იყო EU-2030-ის პრეზენტაცია, როდესაც ევროკავშირი გამოვა გ.ო.პ.-ნიკების მძევლობიდან და ღირსი გახდება თავისუფალი, ტრადიციული და სუვერენული ახალი ორგანიზმების მისაღებად

დავით ქართველიშვილი: გუშინ თბილისში იყო EU-2030-ის პრეზენტაცია, როდესაც ევროკავშირი გამოვა გ.ო.პ.-ნიკების მძევლობიდან და ღირსი გახდება თავისუფალი, ტრადიციული და სუვერენული ახალი ორგანიზმების მისაღებად

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რადიკალური ოპოზიცია ამ შეკრების გამო სრულ აგონიაშია.

„ოცი საათი ვაცადე, გუშინდელს შემდეგ, პოლიტიკური შიზოფრენიის რეციდივი თავის ქრონიკულ სტადიაში რომ დაბრუნებულიყო - ვეღარ ბრუნდება. სიგიჟის ისეთ პიკს მიაღწია მათმა კომენტარებმა, საიდანაც ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ უბრუნდებიან. არც გავიმეორებ უჯიშოთა ყველა იმ ავადმყოფურ ნარატივს ჩვენი მისამართით - ინდივიდუალურად და კოლექტიურად სრულ აგონიაში არიან.

ჯერ იყო, ჩვენი ერთი „მარაკანა" სტადიონის ხალხი საკუთარ თავს მიაწერინეს ზოგიერთ დასავლურ მედიას - „ოპოზიციური" მიტინგი იყოო. დიახ, „ოპოზიციური" იყო, ოღონდ არა თქვენი - ეს იყო კოლონიალიზმის, ვასალობის, ლაქიაობის საწინააღმდეგო ოპოზიცია. მერე დაიწყეს ისევ საკალკულაციო მანიპულაციები და დღესაც ცდილობენ თავისი L ზომა ჩვენს XXL-ს ჩამოაცვან - ბიაზივით ჩამოგეხევათ და „გრენლანდიაც" დაგეცემათ თავზე.

სამწუხაროა და რა გაეწყობა, ამ „ვირუსის" მატარებელი მათი საერთაშორისო „მეისრეების" პოზიციაც, რომლებიც, ჯერ იყო და ევროპულ ფასეულობებად - თავისუფლებად, სუვერენიტეტად და დამოუკიდებლობად გამოჰყავდათ, მაგრამ ეს იყო იმ წლებში, როდესაც ჰელმუტ კოლის, მარგარეტ ტეტჩერისა თუ ჟაკ შირაკის ევროპაც მართლაც რომ ასეთი იყო. მას შემდეგ, რაც ევროპულ ფასეულობებს წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის" ვასალობა, მარიონეტობა და ლაქიაობა, ჩვენგანაც უკვე ამ ახალი „ევროპული" ფასეულობების მიმართ მონურ მორჩილებას ითხოვენ.

ამ დღეებში გერმანიის ბუნდესტაგის ერთმა ალბათ წესიერმა და ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებზე გაზრდილმა მაღალჩინოსანმა ბრძანა, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი არა ბერლინში, ბრიუსელსა თუ პარიზში, არამედ - თბილისშია. ნუ ჩავწვდებით ბოლომდე, რას გულისხმობდა, მაგრამ გუშინ თბილისში იყო, დიახ, EU-2030-ის პრეზენტაცია, როდესაც ევროკავშირი გამოვა გ.ო.პ.-ნიკების მძევლობიდან და ღირსი გახდება თავისუფალი, ტრადიციული და სუვერენული ახალი ორგანიზმების მისაღებად. ოღონდ, მანამდე, ჩვენც უნდა განვიწმინდოთ მონებისა და ლაქიებისაგან, რომელთა ადგილი EU-2030-ში ვეღარ იქნება.“- წერს დავით ქართველიშვილი.