არჩილ თალაკვაძე: გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა

არჩილ თალაკვაძე: გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა

გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც თავის გასწირა სამშობლოს დასაცავად! ვინც გმირულად მოიხადა თავისი ვალი მსოფლიოში მშვიდობის და თავისუფლების დასაცავად!

გუშინ, 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა აქ, რუსთაველზე და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად! კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია!

გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა.

მადლობა ჩვენს საზოგადოებას, მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს - თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა!

სამწუხაროდ იყო და რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა, არჩევნების გვერდის ავლით, თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადონ - მონოპოლია ჰქონდეთ ჭეშმარიტებაზე, საჯარო პოლიტიკის შეფასებასა და თავისუფალ აზრზე, ეს იმ პირობებში, როცა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ, მზად არიან ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

მთელს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში რთული გამოწვევებია, ამ გამოწვევების საპასუხოდ ერთიანობა, ძლიერი სუვერენიტეტი და დემოკრატიული წესების პატივისცემა გვჭირდება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თავისი პოზიცია არჩევნებში გამოხატონ და პატივი სცენ არჩევნების შედეგებსაც!

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა - მზად ვართ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა.

დესტრუქციის ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში! ისე, როგორც არასდროს ახლა ერთიანობის, ერთად დგომის დროა! უნდა დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება! ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.