ირაკლი კობახიძე გრანტებზე: საუბარია წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარზე, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება

ირაკლი კობახიძე გრანტებზე: საუბარია წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარზე, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება

საუბარია წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარზე, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„როცა არის საუბარი გაუმჭვირვალე ფულზე, საუბარია წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარზე, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება. მთლიანობაში არის გარკვეული თანხა, საიდანაც ჩვენ არ ვიცით, რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას და ასე შემდეგ. ჯამში ყველა შემთხვევაში არის საუბარი ათეულობით მილიონ დოლარზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მაგალითისთვის შეადარა სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხები და უცხოური გრანტების ოდენობა.

„რაოდენობები რომ ავიღოთ - რა აკეთებს სახელმწიფო, სოფლის მეურნეობისთვის რა თანხები აქვს გამოყოფილი მას ყოველწლიურად, რაც არ ჩანს და არავის ვამადლით. მთლიანობაში წელიწადში ასეთი ტიპის ღონისძიებებზე, დახმარებაზე და ბიზნესის ხელშეწყობაზე მარტო სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოსგან წელიწადში 330 მილიონი ლარი იხარჯება. ეს არის ის, რაც ბიუჯეტშია ჩადებული და ყოველ წელს იხარჯება ამ წლების განმავლობაში. რომ მოვიკითხეთ უცხოური გრანტების ჯამური მოცულობა, დაახლოებით მთლიანად არის 30 მილიონი ლარი, ანუ 11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გამოყოფს სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროშიც კი გრანტების განაწილებისას პოლიტიკური მიკერძოება იკვეთება.

„არის დანაწევრებული ეს გრანტები, არის 5 000 დოლარიანი, 10 000 დოლარიანი, ზოგი უფრო ნაკლები. საბოლოო ჯამში ხდება რა - ეს ყველაფერი დიდწილად გამოიყენება მარკეტინგისთვის, პიარისთვის და საბოლოო ჯამში აქაც კი იკვეთება პოლიტიკური დივიდენდების მიღების ნიშნები. მათ შორის იკვეთება ნიშნები, რომ როდესაც კონკრეტული ფერმერები, რომლებიც იღებენ შესაბამის გრანტებს, მაინც და მაინც გამოირჩევიან კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ განსაკუთრებული მომეტებული სიმპათიებით. ანუ აშკარად იკვეთება გრანტების განაწილების დროს პოლიტიკური მიკერძოება ძალიან ხშირ შემთხვევაში. მოცულობები რომ ვთქვათ - არის დაახლოებით 11-12-ჯერ ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო ხარჯავს ამ მიმართულებით და დამადლების ხარისხი არის 11-ჯერ მეტი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი სწორედ გამჭვირვალობაა.

„ჩვენ ხომ არაფერს არ ვამტკიცებთ, არ ვამბობთ, რომ რაღაც ცუდია, რაღაც კარგია. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ უნდა ნახოს, რაზე, რისთვის, როგორ იხარჯება ეს თანხა, მეტს არაფერს ითვალისწინებს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დანარჩენზე ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება გამოიტანს საკუთარ დასკვნას”, - აღნიშნა პრემიერმა.