პრემიერი: ამ დისკრედიტირებული ოპოზიციითა და NGO-ებით შეუძლებელია საქართველოში რაიმე რევოლუციის მოწყობა. მთავარია, ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია - პირველ რიგში ეს ეხება გამჭვირვალობის კანონს

პრემიერი: ამ დისკრედიტირებული ოპოზიციითა და NGO-ებით შეუძლებელია საქართველოში რაიმე რევოლუციის მოწყობა. მთავარია, ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია - პირველ რიგში ეს ეხება გამჭვირვალობის კანონს

ჩვენ აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის ვართ მზად და რაც მთავარია: როგორც არ გამოუვიდა არავის არც 2021 წელს რევოლუციის მოწყობა, შემდეგ 2022 წელს, 2023 წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები, არც ამ შემთხვევაში გამოუვათ. ამ დისკრედიტირებული ოპოზიციითა და NGO-ებით შეუძლებელია საქართველოში რაიმე რევოლუციის მოწყობა. მთავარია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ეს ეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს.

„რატომ არის ეს კანონი ასეთი პრინციპული? აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი კანონის მიღებაზე, რასაც ხაზი გაესვა დღევანდელ შეკრებაზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყოველ ჯერზე ვახერხებთ ამ პრობლემების გადალახვას, [ისინი] ვერ ახერხებენ რევოლუციის მოწყობას, მაგრამ გავიხედოთ უკან და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თითოეული წელი, რაც გამოვიარეთ - 2019, 2020, 2021, 2022, 2023 წელი - შეიძლება, მუდმივად ასეთ რეჟიმში იყოს ქვეყანა, რომ არ დაასვენონ? თან ვისი ხელით - „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, „ენჯეოები“ - მართლა უსამშობლო ხალხი. როცა ამ ადამიანების ხელით ვიღაც ცდილობს, არ დაასვენოს ეს ქვეყანა - ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება და განვითარება.

მიუხედავად მთელი ამ მცდელობებისა, წარმოიდგინეთ, ამ სამი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ნომინალური ეკონომიკის დოლარში გაორმაგება, რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არც ერთ ქვეყანას ამის მიმსგავსებული ეკონომიკური ზრდაც კი არ ჰქონია. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ყოველ წელს ქვეყნის მორყევის, რევოლუციის მცდელობა, დღეს 30 მილიარდი დოლარის ნაცვლად ეკონომიკა გვექნებოდა 35, შეიძლება 40 მილიარდი დოლარიც.

ამ ქვეყანას სჭირდება ერთხელ და სამუდამოდ მოსვენება ამ უსამშობლო ადამიანებისგან. თუ დაფინანსება იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება, მაგალითად, რევოლუციების მოწყობას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას. ეკლესიაც არ დაასვენეს - უბრალოდ ჩართეთ მათი ტელევიზიები, საპატრიარქომაც გაავრცელა ამაზე განცხადება - ასეულობით ნეგატიური სიუჟეტი არის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გავრცელებული მარტო ამ წლების განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის დაფინანსებული ჯაჭვი, რომელიც არის ამოქმედებული ქართული სახელმწიფოს, იდენტობის, ეკლესიის წინააღმდეგ. რისთვის აკეთებენ ამას? როგორც კი დაფინანსება იქნება გამჭვირვალე, ეს კონკრეტული ადამიანები ასე უხეშად ვერ შეძლებენ ვერც კონკრეტული ქმედებების დაფინანსებას და ვერც შესაბამისი დაფინანსების მიღებას. თუ გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ კანონი, გამოდის, რომ შესაბამის სუბიექტებს არ უნდათ, დაასვენონ ეს ქვეყანა, რასაც ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი დღევანდელ გამოსვლებში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც“, - აღნიშნა კობახიძემ.