ირაკლი კობახიძე: დღეს მკაფიოდ გამოჩნდა, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა - უმცირესობა ქართველი ხალხის სახელით ვერ ისაუბრებს

ირაკლი კობახიძე: დღეს მკაფიოდ გამოჩნდა, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა - უმცირესობა ქართველი ხალხის სახელით ვერ ისაუბრებს

ძალიან ემოციური დღე იყო, როდესაც ხვდები ამდენ ადამიანს, მხარდამჭერებს, გულანთებულ ადამიანებს, ეს ყოველთვის ძალიან ამაღელვებელია. იყო ძალიან სერიოზული ემოციური, ორმხრივი კავშირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საერთო სახალხო შეკრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეკრებაზე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილები სიღრმისეულად გააცნეს.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს კარგად გამოჩნდა, თუ სად დგას საზოგადოების დიდი უმრავლესობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ თანამოქალაქეებისთვის იმ ძირითადი გზავნილების გაზიარება, რომელიც ჩვენს კურსთან ჩვენს პოლიტიკურ ხედვასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეკრების ფორმატი სიღრმისეულად საუბრის საშუალებას არ იძლევა, მგონია, რომ საკმაოდ სიღრმისეულად გავაცანით ჩვენი გზავნილების საზოგადოებას. მთავარი გზავნილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკური თუ საშინაო პოლიტიკური ამოცანის შესრულების და მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობაა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როცა გეუბნებიან, რომ რაღაცის სანაცვლოდ დათმო დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს, რომ სწორედ რომ ერთგვარი თვითმიზანია, არ მიაღწიო იმ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, რომელიც დასახული გაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პრიორიტეტები. საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, კიდევე ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირში შესვლა დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და იმ ღირებულებებით გვინდა, რაც ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ეს ინიციატივა შეკრების ორგანიზებასთან დაკავშირებით, მოდიოდა ჩვენი მხარდამჭერებისგან, საზოგადოებისაგან, ისინი ამ შეკრებას ითხოვდნენ. ყველასთვის მიუღებელი იყო ის რიტორიკა, რომელიც ხალხის სახელით საუბარს უკავშირდებოდა. როდესაც პოლიტიკური გაკოტრებული უმცირესობა ხალხის სახელით გესაუბრება, მიუღებელია. დღეს მკაფიოდ გამოჩნდა, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა. უშუალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით არის 60%-ზე მეტი. რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მისი რეიტინგი 10%-მდეა ჩამოსული. დღეს რა სურათიც იყო, იმ თანაფარდობას ასახავს, რომელიც ჩამოყალიბებულია „ქართულ ოცნებასა“ და პოლიტიკურ უმცირესობას შორის. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდა ვცეთ პატივი, თუმცა პატივს ვერ ვცემთ, იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში არიან მხილებული და ასეთები პოლიტიკური უმცირესობის აქციებზე მრავლად იყვნენ წარმოდგენილი. უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ქართველი ხალხის სახელით ვერ ისაუბრებს, რაც კიდევ ერთხელ დღეს დადასტურდა, როცა კარგად გამოჩნდა სად დგას საზოგადოების დიდი უმრავლესობა“, - განაცხადა პრემიერმა.