შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არ დარჩენილან დღეს საქართველოში არცერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს. ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი. ქართველები, რომლებიც ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომელიც ყოველთვის ორიენტირებული ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში. მინდა, მივესალმო ჩვენს ქართველებთან ერთად, ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს, ყველას, აფხაზებს და ოსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველას, ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ვინც ქართველია, რადგან არსებობენ ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები, ჩვენ, ყველანი ერთად ქართველებად ვიწოდებით. ჩვენი საერთო მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მივყვებით - მამული, ენა, სარწმუნოება. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ამასთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, თამამი, ამაყი იქნება, რადგან ჩვენ შევავსებთ ევროპას, ჩვენი კულტურით, იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. ჩვენი სვლა არ არის მარტივი. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ბევრი ამოცანა გვაქვს წინ, ბევრი ამოცანა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბევრი ამოცანა აქვს მას თავის ლიდერებთან ერთად, თავის საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, სვლა ეკონომიკური განვითარებისაკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ, გრძელვადიანი მშვიდობისაკენ და ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ამას ყველაფერს ერთად შევძლებთ. ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და რაც მთავარია, ორ ფეხზე დგომით.
მივესალმები უდიდეს რაოდენობას და აქ რაოდენობაზე არ არის, ეს არ არის მთლად სწორი სიტყვა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არ დარჩენილან დღეს საქართველოში არცერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს. ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი. საქართველოს გაუმარჯოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.