„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებებისა და წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ ილაპარაკა.
„არ შეიძლება, რომ ამ პოზიტიურ საუბართან ერთად არ გავიხსენოთ ჩვენი უკანასკნელი დროის ძალიან დიდი, ბევრი წარმატება. თქვენ იცით, რომ ახლა კამპანია დაიწყო საქართველოს მთავრობამ. ამ ყველაფერს დიდი პიარი არ სჭირდება, მაგრამ პირველად ისტორიაში, მაგალითად, ჩვენმა სპორტსმენებმა როგორ გვასახელეს, ამის არ თქმა არ შეიძლება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ეს განვითარებისა და წინსვლის გარეშე შეუძლებელია, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის გუნდებთან გაიმარჯვა და ბოლოს, განსაკუთრებული სიხარული რამაც მოგვანიჭა, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ გმირ ბიჭს, რომელმაც ეს სიხარული გვარგუნა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.