გიორგი ამილახვარი: მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა გამჭვირვალობით, ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე

გიორგი ამილახვარი: მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა გამჭვირვალობით, ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე

მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან თავისუფალი, ამაყი საქართველოს მოქალაქე და დღეს აქ ასობით ათასი ასეთი ადამიანი იქნება. ვინც რუსულ კანონს ეძახის გამჭვირვალობას, დემოკრატიულ ღირებულებებს, ისინი არიან რუსები - აი ეს მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ჩვენს ოპონენტებს, - ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გაიხსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარა, შემდეგ კი სტრატეგიული ობიექტები გადასცა. ამილახვარმა ახალგაზრდებს მიმართა.

„მეგობრებო, შეხედეთ ისტორიას, შეხედეთ ფაქტებს, შეხედეთ ჩვენს გაკეთებულ საქმეს და შეხედეთ იმ მომავალს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. არაფერი წერია ამ კანონში ისეთი, რაც იოტისოდენადაც კი დააზიანებს ევროპულ ღირებულებებს, დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა გამჭვირვალობით, ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე“, - აღნიშნა მინისტრმა.