მამუკა მდინარაძემ განმარტა, რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი „არასანქცირებული“ პარლამენტთან გამართულ ოპოზიციის აქციასთან მიმართებით

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი „არასანქცირებული“ პარლამენტთან გამართულ ოპოზიციის აქციასთან მიმართებით

რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე განმარტა, რატომ იყო გამოყენებული გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციასთან მიმართებაში მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტერმინი „არასანქცირებული“.

„როდესაც ტარდება აქცია, აქციის ორგანიზატორები აგზავნიან გაფრთხილებას მერიაში, დღეებით ადრე. ჩვენც გავაგზავნეთ ეს გაფრთხილება. შესაბამისად, იგულისხმება, რომ ეს ტერიტორია ჩვენ გვქონდა დაკავებული მოსამზადებელი სამუშაოებისთვის და შემდეგ აქციისთვის. მერიის მიერ გამოყენებულ ტერმინში „არასანქცირებული“ იგულისხმება, რომ არ არის ნებადართული მათთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ეგ ტერიტორია უკვე დაკავებული, იმისთვის, რომ რაღაც ღონისძიება ჩავატაროთ. ამას ზოგადად უწოდებენ „არასანქცირებულს“, მაგრამ სპეციალური ნებართვა [აქციის ჩატარებას] არ სჭირდება, სჭირდება გაფრთხილება. ვინაიდან გაფრთხილებული ჰყავდა მერია „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ეს პირობით საერთაშორისო ტერმინი გამოიყენა მერიამ და ამაზე ატეხეს ამბავი. წარმოიდგინეთ, რა ნიუანსებს დასდევენ, ხალხი რომ მოატყუონ“, - განაცხადა მდინარაძემ.