ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა გამჭვირვალობის კანონზე: ევროკავშირი არ არის მართალი, როდესაც ასეთ კანონპროექტს აკრიტიკებს, რადგან ჩვენ თავად ვგეგმავთ მსგავს ინიციატივას

ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა გამჭვირვალობის კანონზე: ევროკავშირი არ არის მართალი, როდესაც ასეთ კანონპროექტს აკრიტიკებს, რადგან ჩვენ თავად ვგეგმავთ მსგავს ინიციატივას

ევროკავშირში ახლა ძალიან პოპულარულია „რუსული“ ან „პრორუსული“ უწოდო ყველას და ყველაფერს, რაც არ მოგწონს. ეს მიუღებელია. ჩვენ ფაქტებს უნდა დავაკვირდეთ და არა პირად ემოციებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სლოვაკეთიდან კატარინა როთ ნევედალოვამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და გვსურს, რომ გახდეს ევროგაერთიანების წევრი. ამიტომაც უნდა ვისწრაფოდეთ ერთმანეთის უკეთ გაგებისკენ და არ ვაკრიკიტებდეთ იმას, რაშიც დიდად გარკვეულები არ ვართ. 20 წელია ევროკავშირის წევრი ვართ, თუმცა დღემდე გვესმის დასავლეთევროპული სახელმწიფოებისგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კრიტიკა ჩვენი ეროვნული პოლიტიკის გამო.

მე ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერებისადმი დიდი კრიტიკით არ გამოვირჩევი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ყველა ევროპელის სახელით ნამდვილად არ საუბრობენ. შარლ მიშელსა და ჟოზეფ ბორელს მანდატი ეწურებათ და იმედია, ევროკავშირში აღარ ექნებათ მსგავსი პოზიციები. ვფიქრობ, ისინი უფრო პირადი გადმოსახედიდან საუბრობენ, ვიდრე ევროკავშირის რეალური პოზიციიდან. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებით მიდის. ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს თქვენს ევროპულ გზას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კატარინა როთ ნევედალოვასთვის მიუღებელია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემების შექმნით მუქარა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ევროპა მეტი გამჭვირვალობისთვის თავად მუშაობს, იგივე პროცესი ვერ შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროპული ოჯახისკენ.

„ევროკავშირი არ არის მართალი, როდესაც ასეთ კანონპროექტს აკრიტიკებს, რადგან ჩვენ თავად ვგეგმავთ მსგავს ინიციატივას. მაგალითად, ევროკავშირში უკვე მივიღეთ მედიის კანონი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ევროკავშირის გარედან მედიის დაფინანსება, უცხოური ინვესტიციების მეტი გამჭვირვალობა და იგივეს ვგეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

ერთ-ერთი კანონპროექტით, რომელსაც ევროკომისია ამზადებს, არასამთავრობოები ვალდებულები იქნებიან დააკონკრეტონ საიდან და რა წყაროებით ფინანსდებიან, რომ გამჭვირვალედ დავინახოთ, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია მესამე ქვეყნიდან ფინანსდება.

ამის მიზანი კი იგივეა, რაც საქართველოში ინიცირებული კანონპროექტის - გქონდეთ მეტი გამჭვირვალობა. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორია, რადგან სამოქალაქო სექტორი ბევრ თანხას ხარჯავს, გავლენას ახდენს ხალხზე და გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზეც ნებისმიერ ქვეყანაში“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.