საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტის მხრიდან მკაცრი ოფციების განხილვა და პერსონალური სანქციების განხილვის დაწყება გასაკვირი ვერ იქნება, რადგან „ქართველ ხალხთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი“.
ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, ძალიან ცხადად ამბობენ, რომ ე.წ რუსული კანონი წინაღობაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, იქნება ეს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო თუ ევროკავშირის სხვადასხვა ორგანო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისია თუ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები, ძალიან ცხადად ამბობენ, რომ „რუსული კანონი“ არის წინაღობა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მოუწოდებენ [ბიძინა] ივანიშვილს რომ გაიწვიოს „რუსული კანონი“ და გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქეების ნება, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ევროპული არჩევანი დაიცვან. ამიტომ, ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი ოფციების განხილვა, მათ შორის, შესაძლებელია პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია გასაკვირი ვერ იქნება იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი”, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.