მამუკა გორგოძე ახალი სტადიონის აშენებაზე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს, ეს ძალიან კარგი სიახლეა

მამუკა გორგოძე ახალი სტადიონის აშენებაზე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს, ეს ძალიან კარგი სიახლეა

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს. ეს ძალიან კარგი სიახლეა, - ამის შესახებ მორაგბე მამუკა გორგოძემ თბილისში ახალი სტადიონის აშენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„არამარტო რაგბის განვითარებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ჩატარდება ბევრი თამაში, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგასაც ვუმასპინძლოთ. რა თქმა უნდა ექვსიანში შესვლა გვინდა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი მოედანი“, - განაცხადა გორგოძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი სტადიონი აშენდება. 70 000 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის აშენება ახალი აეროპორტის ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტი შემოდგომისთვის იქნება მზად. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ბრიტანულის ანალოგი იქნება. ის გათვლილია, როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის, ისე რაგბისთვის.

მთავრობის სხდომაზე ითქვა ისიც , რომ საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადს გააკეთებს. რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ქართულ რაგბის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა ეძლევა, რასაც სტადიონის თანამედროვე სტანდარტები იძლევა. არენა უმაღლესი რანგის მატჩებს უმასპინძლებს. მშენებლობა 2028 წელს დასრულდება.