შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ პარტნიორების შეფასებაზე: დასვით კითხვა „რატომ“ და ვერც ერთ ამ განცხადებაში პასუხს ვერ ნახავთ

შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ პარტნიორების შეფასებაზე: დასვით კითხვა „რატომ“ და ვერც ერთ ამ განცხადებაში პასუხს ვერ ნახავთ

დღესაც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ყველა ეს ტექსტი წაიკითხეთ, დადეთ ერთმანეთის გვერდით და ვერც ერთ არგუმენტს ვერ ნახავთ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მამუკა მდინარაძე მთელი ამ დღეების განმავლობაში საათობით იდგა კომიტეტის თუ პლენარულ სხდომაზე და სვამდა ერთ მარტივ კითხვას, როდესაც იყო ასეთი შემოჭრები, რომ ეს შეაფერხებს ევროინტეგრაციას. დღესაც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ყველა ეს ტექსტი წაიკითხეთ, დადეთ ერთმანეთის გვერდით და ვერც ერთ არგუმენტს ვერ ნახავთ. დასვით კითხვა „რატომ“ და ვერც ერთ ამ განცხადებაში პასუხს ვერ ნახავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, კანონპროექტზე არგუმენტების გარეშე მსჯელობა მიმდინარეობს, რასაც დოგმატიზმის სახე აქვს.

„ამგვარი მსჯელობის სტილს დოგმატიზმი ჰქვია, როდესაც წარმოდგენილია არა არგუმენტი, არამედ მოსაზრება, რომელიც წარმოდგენილია, თითქოს, ეს არის არგუმენტი. ეს არის ავტორიტეტებით მსჯელობა - ვიღაცამ რაღაც თქვა და ამიტომ ეს ასე უნდა იყოს. არა მსჯელობით, არგუმენტებით და რაციონალური განსჯით, არამედ იმიტომ, რომ რომელიღაც ავტორიტეტმა ეს თქვა. ეს დამახასიათებელი შეიძლება იყოს რელიგიური მსჯელობისთვის, როდესაც რწმენა არის განმსაზღვრელი და არა ყოველთვის რაციონალური განსჯა ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით. მაგრამ შეუძლებელია, იყოს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის განმსაზღვრელი ცხოვრების სტილი”, - მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.

მისივე განცხადებით, ამგვარი მსჯელობა იწვევს აღქმას, რომ საზოგადოებას არ უნდა მისცენ მსჯელობის საშუალება.

„ეს ნელ-ნელა იწვევს იმის აღქმას, რომ არის მცდელობა, არ მისცენ საზოგადოებას საშუალება, იმსჯელონ, რომ დატვირთონ ის დოგმებით, სლოგანებით, ლოზუნგებით, „არა რუსეთს“ და „კი ევროპას“, აბსოლუტური ტრუიზმებით, რაზეც მსჯელობაც კი არ არსებობს. რა თქმა უნდა, კი ევროპას და რა თქმა უნდა, არა რუსეთს. თითქოს, ეს ალტერნატივები დგას, ეს არის ყალბი ალტერნატივები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.