დღეს გვეუბნებიან ეს კანონი გაიწვიეთო, არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და ქართველ ხალხს უნდა ასე და მერე ოცდაშვიდივე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს არ უნდოდა სააკაშვილის გათავისუფლება იმიტომ, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორია.
„შარშანწინ ოცდაშვიდმა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო. არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ და იყო ტყუილი. მერე ყველამ თქვა არა, არ კვდებაო. ახლა აღარც ერთი ქვეყანა აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. კვდებაო - დემარში იყო ელჩების მხრიდან და 27-ვე ქვეყანამ თქვა, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილიო. ქართველ ხალხს არ უნდოდა სააკაშვილის გათავისუფლება იმიტომ, რომ არის სისხლიანი რეჟიმის, თქვენი რეჟიმის ავტორი, აქედან გამომდინარე, შარშანწინ დავდექით ორ ფეხზე, ოცდაშვიდმა ქვეყანამ მოგვთხოვა და თქვენი ლიდერი, კორუმპირებული და სისხლიანი ჯალათი არ გავათავისუფლეთ, მყარად დავდექით და დღეს არც ერთი ქვეყანა აღარ გვთხოვს ამას. ახლა დღეს გვეუბნებიან, ეს კანონი გაიწვიეთო, არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და ქართველ ხალხს უნდა ასე და მერე ოცდაშვიდივე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.