საზოგადოება, ვინც დღეს იყო შეკრებილი, ქართველი მეცნიერების, ხელოვანებისა და სპორტის ლეგენდარული წარმომადგენლები არიან, ასევე ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „საზოგადოება ქართულის“ დაფუძნებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ღვაწლმოსილი მეცნიერის, რეჟისორის მიზანმიმართულ სტიგმატიზაციასა და გაშავებას ახდენენ, რომ აღარ იყოს ავტორიტეტი და ყალბმა ავტორიტეტმა აქოს მათი ბელადი.
„იმის გამო, რომ პოლიტიკას და საშინელ პოლარიზაციას აქვს ჩვენი სივრცე მოცული, ეს ხალხი უფრო ნაკლებად ჩანს. ის პრობლემები, რაზეც კვალიფიციური მოსაზრებების გაჟღერება მხოლოდ მათ შეუძლიათ, უფრო ნაკლებად შუქდება. ამ ავტორიტეტების ადგილი დაკავებული აქვთ ყალბ ავტორიტეტებს. იგივე მცდელობა იყო ქართულ ფოლკლორში, რომ ანზორ ერქომაიშვილის, მისი თანამებრძოლების ჩარეცხვა მომხდარიყო, თეატრში - რობერტ სტურუასი და მათი ადგილი დაეკავებინათ. ავტორიტეტი არ არის საშიში სიტყვა. ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ცუდია. ახალგაზრდობის აზრის გათვალისწინება აუცილებელია, საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც გამოცდილება და სიბრძნე აქვს ისინი უგულებელვყოთ. ამ ორგანიზაციის მისიას მე ამაში ვხედავ, რომ რაც ჩვენ შევძელით ტრადიციულ მუსიკაში, რომ ანზორ ერქომაიშვილის გზით წავიდა ეს და გვაქვს წარმატებები, ეს მოხდეს ყველა სფეროში. ჩვენ რამდენ ეთერში ვნახეთ, როდესაც ღვაწლმოსილი მეცნიერის, რეჟისორის მიზანმიმართულ სტიგმატიზაციასა და გაშავებას ახდენენ, რომ აღარ იყოს ავტორიტეტი და ყალბმა ავტორიტეტმა აქოს მათი ბელადი. ყალბმა ავტორიტეტმა ტაში დაუკრას ყველაფერ ცუდზე, რასაც ეს მერკანტილური, უნიჭო და ბოროტი ადამიანები აკეთებენ საქართველოში“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.