სწორედ „გორბის“ რეიტინგებზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახლა თუ არ დაგვიჭერენ მხარს, ყველა შემთხვევაში მას მივიღებთ შემდეგ პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გორბის“ კვლევამ შოკში და ისტერიაში ჩააგდო ჩვენი ოპონენტები. მე მათ ისტერიას ერთი ამბავი მინდა შევმატო, რომ „ გორბის“ კვლევა ჩატარებულია მანამ, სანამ ამ კანონებს დავაინიცირებდით, მათ შორის, საკონსტიტუციო კანონიც არ იყო დაინიცირებული. დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლობის ხარისხის, გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, კიდევ უფრო გაზრდილი გვექნება რეიტინგი. თუ დროში არ ვცდები, არცერთი მათგანი დაინიცირებული არ იყო. შესაბამისად, გარანტირებულად ვამბობ, რომ კიდევ გაზრდილი იქნება რეიტინგი, რადგან როდესაც ქართველი, საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ მისი ხელისუფლება იცავს მის ინტერესს, ეროვნულ თავმოყვარეობას და გამოდის ეროვნული ინტერესიდან, მას ბუნებრივია, უჩნდება მეტი სითამამე და ჟინი, რომ დაუჭიროს ხელისუფლებას მხარი. ამიტომ მე პირადად შეიძლება სუბიექტურიც ვარ ამ შეფასებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ კანონების დაინიცირების შემდეგ კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი რეიტინგი გაზრდილი. სწორედ ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახლა თუ არ დაგვიჭერენ მხარს, ყველა შემთხვევაში მას მივიღებთ შემდეგ პარლამენტში. მაგალითად არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ რომ პასუხს ვერ გვცემენ ჩვენი ოპონენტები, ყველა შემთხვევაში, მას საკონსტიტუციო უმრავლესობით მივიღებთ შემდეგ პარლამენტში, თუ ახლა არა, თუ ახლა ვერ დავარწმუნებთ ოპონენტებს და პროპაგანდის მხარეს დადგებიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.