„უცხო ქვეყნების ძალებთან“ და „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებული ორი მინიშნების მიქსით არის ყველა სათაური ევროპულშიც და ამერიკულ კანონშიც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ საუბრისას.
„რუსეთშიც და ამერიკულ კანონშიც არის „გავლენის აგენტი“, რაც ჩვენ კანონმდებლობაში არ არის. ასეთივე სათაურები, „აგენტის“ გარეშე, „უცხო ქვეყნების ძალებთან“ და „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით აქვს ფრანგულ კანონსაც, ევროკავშირსაც. ამ ორი მინიშნების მიქსით არის ყველა სათაური. სხვანაირი სათაური კანონმდებლობაში არ გააჩნიათ ევროპულში, ამერიკულში და ასე შემდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ პროექტის მეორე მუხლი არის ყველაზე არამკაცრი.
„მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენი კანონისგან და არის ყველაზე არამკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს. დანარჩენ კანონებში, მათ შორის ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში, ყველგან ფიზიკური პირი არის ამ კანონმდებლობის ობიექტი. რაც შეეხება დასახელებას, კიდევ უფრო მკაცრია როგორც რუსეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა დანარჩენში, მათ შორის ევროდირექტივაში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულში და სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში დასათაურება იგივეა სხვადასხვა სახელწოდებით - ზოგან ჰქვია „პრინციპალი“, გავლენის წარმომადგენელი, ინტერესების გამტარებელი და ასე შემდეგ, ისევე, როგორც ჩვენს ინიციატივაში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ენჯეო“-სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სწორედ მეორე მუხლს უწოდა რუსული.
„როგორც ვიცი, „ენჯეო“-სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაბედა, შემოვიდა დისკუსიაში და თქვა, რომ ამ პროექტის მეორე მუხლი არის რუსული. ყველაზე დიდი განსხვავება, რაც არის რუსულთან მათ შორის, არის სწორედ მეორე პუნქტში და სწორედ მეორე მუხლზე დაიწყეს ლაპარაკი, ეს არის რუსულიო, სიტყვა „გავლენის“ გამო. იგივე წარმატებით შეუძლიათ, თქვან, რომ რეგისტრაციის და დეკლარაციის შევსების ვალდებულებაა რუსულიო. ოღონდ ეს არის საერთო ნიშანი, რომელიც ყველა მსგავს კანონმდებლობას აქვს - რუსულში, ამერიკულშიც, ფრანგულშიც, ევროკავშირშიც, ახალ ზელანდიაშიც, ავსტრალიაშიც, ისრაელშიც ეს საერთო ნიშანი არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.