ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანან „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე და დასაქმების სააგენტოს თანამშრომელი ასმათ მიქაძე. ფოტოზე ისინი აღბეჭდილი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენელთან, სოფიო ჯაფარიძესთან ერთად. ფოტოები სხვადასხვა დროსაა გადაღებული.
„მე მგონია, რომ უბრალოდ კითხვა უნდა დავსვათ - ეს ქალბატონები იყვნენ სარჯველაძეზე რომ იძახდნენ ცუდად გველაპარაკებოდაო და ჯოხით დაგვდევდაო?! თუ მეჩვენება?!“, - წერს ნიკოლეიშვილი.
როგორც ცნობილია, გვანცა აფხაიძე ონკოპაციენტების ნაწილთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციებს მართავდა. მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მთავრობის კანცელარიაში შეხვდნენ და აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინეს. ამის შემდეგ დამატებით დაიგეგმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რომელიც სამინისტროში გუშინ გაიმართა. მოგვიანებით, შეხვედრის შესახებ გვანცა აფხაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სარჯველაძემ ერთ-ერთ პაციენტს უყვირა.
ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციის და მიმართვის ფორმა არასდროს შეშლია და არც ამიერიდან შეეშლება. სარჯველაძის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი არის პაციენტი და მისი ტკივილი. „მინდა, ყველა პაციენტმა იცოდეს, ვმუშაობ, რათა არც ერთი მათგანის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.