ირაკლი ქადაგიშვილი: ორმაგი სტანდარტებით მიდგომა აზიანებს იმ საერთო მიზანს, ფასეულობას, რის გამოც საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა

ირაკლი ქადაგიშვილი: ორმაგი სტანდარტებით მიდგომა აზიანებს იმ საერთო მიზანს, ფასეულობას, რის გამოც საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა

ორმაგი სტანდარტებით მიდგომა საბოლოო ჯამში აზიანებს იმ საერთო მიზანს, ფასეულობას, რის გამოც საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 9 აპრილიდან დაწყებული და კიდევ უფრო ადრე და რის გამოც დღეს საქართველო ევროკავშირში შესვლისკენ ისწრაფვის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ საკომიტეტო მოსმენების საკითხია და „ქართული ოცნება“ არ გაურბის ამ დისკუსიებს.

„ამ კანონის მთავარი მიზანია გამჭვირვალობა. მესმის, რომ წინა შემთხვევაში სიტყვა აგენტი იყო ნახსენები, რაც ჩვენს კონოტაციაში უარყოფითად აღიქმება და არ აღიქმება იმ შინაარსით, რაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ნორმალური ტერმინია, რომელიც კონკრეტული საქმიანობის გამტარებელ სუბიექტს ასახავს. ამ კანონში ეს სიტყვა ამოღებულია. ის დასათაურება, რაც ამ კანონპროექტშია, არის ევროკავშირის პირდაპირი დირექტივიდან აღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მოდით, იარლიყებს კი ნუ დავკიდებთ ერთმანეთს, კონკრეტულად ვის რა წუხილი და ვის რა წინადადება აქვს კანონის ამა თუ იმ მუხლთან თუ განმარტებასთან დაკავშირებით. ეს არის საკომიტეტო მოსმენების საკითხი და არასდროს „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება, განსხვავებით წინა ისტორიებისა და ხელისუფლებისგან, არასდროს ყოფილა დისკუსიიდან გამქცევი და დისკუსიის დროს ვინმეს საღი აზრის გათვალისწინების უარმყოფელი. ფასეულობები არის პირობითი ცნება, ვიღაცას შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო ერთ შემთხვევაში აწყობდეს ღიაობა, გამჭვირვალობა და მეორე შემთხვევაში - არა. ან რაღაც სტანდარტი დემოკრატიული ფასეულობებისა ვიღაცისთვის ხელშესახებია, ვიღაცისთვის აკრძალულია. ამიტომ ასეთი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა საბოლოო ჯამში, აზიანებს იმ საერთო მიზანს, ფასეულობას, რის გამოც, საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 9 აპრილიდან დაწყებული და კიდევ უფრო ადრე და რის გამოც დღეს საქართველო ევროკავშირში შესვლისკენ ისწრაფვის. ყველა მიმართულებით ჩვენ უნდა ვიყოთ მთლიანი. ყველა ფასეულობა უნდა იყოს ღიად ნათქვამი და არ უნდა რჩებოდეს ის ჩრდილოვანი მხარეები, რაც საზოგადოებაში ბადებს ეჭვს. ეჭვი შემდეგ სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის დამბადებელია, რაც ყოვლად მიუღებელია“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.