შალვა პაპუაშვილი: გამჭვირვალობის კანონში ტერმინოლოგია აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული

შალვა პაპუაშვილი: გამჭვირვალობის კანონში ტერმინოლოგია აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული

რაც შეეხება დასახელებას, ის აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული. ის ზუსტად ამ ტერმინოლოგიას იყენებს - უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენელი. ეს კიდევ უფრო მძიმე ტერმინია. წარმომადგენლობის გამჭვირვალობაზეა აქ საუბარი, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დირექტივა ეხება ყველას, ევროკავშირის წევრების გარდა, მათ შორის ეხება საქართველოსაც.

„დირექტივა ეხება უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების გამჭვირვალობას. უფრო მძიმე ტერმინოლოგიაა, ვიდრე ჩვენთან [„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“] უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას თუ ვის ეხება ევროკავშირის დირექტივა - ყველას. სხვათა შორის, საქართველოსაც ეხება ეს დირექტივა. თუკი საქართველოს სახელმწიფო ევროკავშირში დააფინანსებს იმას, რასაც სხვადასხვა ფონდი საქართველოში აფინანსებს, ეს დამფინანსებელიც მოხვდება ამ დირექტივის ქვეშ. ის ეხება ყველას, ევროკავშირის წევრების გარდა, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა განიხილება ერთ შიდა სივრცედ. ამიტომ, დირექტივა ეხება ამერიკასაც (ამერიკული ორგანიზაცია ევროკავშირში რაღაცას რომ დააფინანსებს, ისიც დაადეკლარირებს ამას), რუსეთსაც, ჩინეთსაც და საქართველოსაც. ამიტომ, ჩვენს შემთხვევაშიც ეს ეხება ყველას, საქართველოს მიღმა. ეს არის ამ კანონპროექტის ლოგიკა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.