შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილზე: მძიმეა იმ სურათის ნახვა, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ვხედავთ კრიმინალს

შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილზე: მძიმეა იმ სურათის ნახვა, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ვხედავთ კრიმინალს

ძალიან მძიმეა იმ სურათის ნახვა, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობენ, ვხედავთ კრიმინალს, რომელსაც ხუთ სხვადასხვა საქმეზე მისჯილი აქვს ჯამში 18 წელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ეს ადამიანი არათუ თავისუფლად გადაადგილდება, არამედ მას ხელს ართმევენ და ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არის ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროა ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. იმ ფაქტის შემდეგ, რაც იყო ბრიუსელში, მგონი, ყველამ გაიგო, ვინ არის ადეიშვილი, მიუხედავად ამისა, ის აღმოჩნდა ამ კონფერენციაზე.

ამ კონფერენციის თანაორგანიზატორი არის ევროკომისია, მათ შორის მართლმსაჯულების საკითხებზე ევროკომისარი იყო მთავარი ფიგურა. ევროკომისიის მიწვევით იყვნენ იქ ადამიანები. მანამდე, როცა ბრიუსელში იყო და თუ თქვეს, რომ ეს იყო უკრაინული დელეგაცია და არ იცოდნენ, ვინც იყო მის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში, ევროკომისია იყო თანაორგანიზატორი და კარგად იცოდნენ, ვის იწვევდნენ. მონაწილეთა სია კონტროლდება. როცა ხედავენ ადამიანს, რომელიც არის კრიმინალი და ყველაფერი, გარდა მართლმსაჯულებისა, იწვევენ კონფერენციაზე, ეს არის იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციაზე „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ „ქრონიკის“ გამოჩენის შემდეგ ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კამერას დაემალა. მან აღარ ისარგებლა ცენტრალური გასასვლელით. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კი სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების ნაწილი, სადაც ადეიშვილი ჩანდა, წაშალა, ფოტოების ნაწილზე კი ის ჩამოჭრეს. უკრაინის ყოფილმა პროკურორმა „ქრონიკის“ კითხვები უპასუხოდ დატოვა.

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.