ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა, პირველმა მან ახსენა „რუსული“ ამ კანონთან დაკავშირებით, რაც იყო ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამწუხაროდ, ცუდი როლი შეასრულა და ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საჭიროა დაფინანსება იყოს გამჭვირვალე.
„ავიღოთ ერთ-ერთი სკანდალი, რომელიც ეხებოდა ჯარიმების დაფარვას, „დემოკრატიის ინიციატივა“ იყო, მგონი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვებგვერდზე USAID-ის ლოგო იყო და მან მოახსნევინა ლოგო. შემდეგ გააჩინეს „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ლოგო. აღმოჩნდა, რომ იქიდან ფინანსდებოდა. მანამდე მალავდნენ. ჯარიმების დაფინანსების საქმე რომ გასკდა, შემდეგ მოუწიათ აღიარება, რომ თანხა „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ იყო შემოსული. ეს ფონდები რასაც აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, რომელიც ჩვენ ვართ. საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებსა და პარტიებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.