მესმის, რატომაც არიან სირაქლემას პოზიციაში, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი არ აპატიებს იმას, რომ ანტიპროპაგანდისტული კანონის წინააღმდეგ წავიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე საუბრისას ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა რა გზას უნდა დასდგომოდა.
„ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რამეთუ ძალიან კარგად ესმით, რომ მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, თუ სრული უმრავლესობა არა, სრულიად ჯანსაღად ფიქრობს იმ მავნე პროპაგანდაზე, რომელსაც ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში აქვს ადგილი. მეორეს მხრივ, არის ვითარება, რომ თავიანთი [ოპოზიციის] სპონსორები ნამდვილად არ აპატიებენ ამ დუმილს. ჩვენთვის მთავარი არ არის, ისინი როგორ მდგომარეობაში არიან. ჩვენთვის მთავარი, როგორც აღვნიშნე, არის ჩვენი შვილების, ქართული საზოგადოების ჯანსაღი მომავლისთვის გარემოს იმდაგვარად შექმნა, რომ პროპაგანდისგან იყოს დაცული. პრევენციული ღონისძიება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გვინდა შემოვიტანოთ, იქნება გადამეზღვევი, რომ პროპაგანდამ, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დეგრადაცია გამოიწვიოს განსაკუთრებით არასრულწლოვანებში, ეს ვერ მოახერხოს. ვერ დაველოდებით, რომ ვიღაცამ შეიძლება გაგვაკრიტიკოს ამისთვის, ჩვენთვის მთავარია ჩვენი შვილების მომავალი. დუმილი რადიკალურ ოპოზიციას სირაქლემას პოზიციაში ამყოფებს. შეიძლება ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენ [ხელისუფლებას და ოპოზიციას] განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, როგორ შეიძლება თუნდაც ჩვენიდან ხელმარცხნივ მჯდომი რადიკალი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი შვილებისთვის ისურვებდეს იმას, რა ზიანიც შეუძლია მოუტანოს ამ ყველაფერმა [პროპაგანდამ] ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას, მათ შორის არაერთი სამედიცინო დასკვნა მოვისმინეთ. მესმის, რატომაც არიან სირაქლემას პოზიციაში, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი არ აპატიებს იმას, რომ ამის წინააღმდეგ წავიდნენ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.