საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგული საინფორმაციო ტელეარხის „France 24“ ინგლისურენოვან საინფორმაციო გამოშვებაში, მთავარი სტუმრის სტატუსით, მიიღო მონაწილეობა.
ინტერვიუს მიმდინარეობისას საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, კონფლიქტების დარეგულირების გზებს, საქართველოში ჩატარებულ პრეზიდენტის არჩევნებს, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებასა და რეგიონალურ უსაფრთხოებას.
ირაკლი ალასანიამ „France 24“-ის ეთერით, მადლობა გადაუხადა საფრანგეთის რესპუბლიკასა და ფრანგ ხალხს იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც მათ 5 წლის წინ საქართველოს მიმართ გამოხატეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოში იმდროინდელი სამხედრო დაპირისპირების შეჩერებაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ახალმა მთავრობამ, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,რუსეთთანპრაგმატული ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტა. რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მთავრობამ და პრემიერ მინისტრმა სპეციალური დესპანი - გამოცდილი დიპლომატი და ელჩი დანიშნა. „კარგად გვესმის, რომ რუსეთი არ შეიცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ან ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის მიმართ. ჩვენს ინტერესშია რუსეთთან ღია სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებისდაწყება, რაც პოლარიზების შემცირებას შეუწყობს ხელს“. როგორც ირაკლი ალასანიამ განმარტა, პოლარიზების შემცირების შემდეგ, ქართულ მხარეს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა მიეცემა: „გვსურს, ავუხსნათ მათ, რომ ჩვენთან ერთად ევროპაში ყოფნა ბევრად უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ქვეშ დარჩენა“.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება: „კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა რამდენიმე დღის წინ ჟენევაში. ჟენევაში საუბარი გვქონდა არა მხოლოდ აფხაზურ და ოსურ, არამედ რუსულ მხარესთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენი მთავარი მიზანია რუსეთს თავდასხმის არანაირი წინაპირობა არ მივცეთ, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი ინსტიტუტები განვავითაროთ და ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის მოვემზადოთ“.
სატელევიზიო ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებით დაინტერესებულია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, რუსეთი კონფლიქტური რეგიონების ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის კანონიერ უფლებებს არაფრად აგდებს.გასულ თვეებში განხორციელებული საზღვრის გადმოწევა, მავთულხლართების გავლება თუ ოჯახების დაშინება - ეს ნამდვილად ძველ, „ცივი ომის“ დროინდელ მიდგომას ჰგავს. ჩვენ გვსურს ეს დამთავრდეს. სწორედ ამიტომ, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა გვმართებს, რაც ვფიქობთ, რომ შედეგიანი იქნება“.
მინისტრი საქართველოში ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნებსაც შეეხო: „რამდენიმე კვირის წინ ქართველმა ხალხმა დემოკრატიული, ღია და გამჭვირვალე პრეზიდენტის არჩევნები ჩაატარა, რომელიც დასავლეთში დემოკრატიულად შეფასდა. მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა. ასე რომ, საქართველო უახლოვდება ევროპას“. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. „არჩევნები, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა, კიდევ ერთი დემონსტრირება იყო იმ ფაქტისა, რომ საქართველო ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებსსაფრანგეთისა და ჩვენი მოკავშირეების დახმარებით ვავითარებთ“.
საინფორმაციო გამოშვებაში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი წარმატებული განვითარებადი ქვეყანა. „საქართველო ნამდვილად ახორციელებს რეფორმებს, წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოებაში, აუმჯობესებს პოლიტიკურ სისტემას. ჩვენ ევროპის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ. სწორედ ამიტომ, გვსურს, რომ მიღწეული წარმატება სათანადოდ იყოს შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რის შედეგსაც ჩვენ ვილნიუსის და ნატოს 2014 წლის სამიტებზე ველით“.
ირაკლი ალასანიამ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „ქართულმა საზოგადოებამ ხმა მისცა და აირჩია გახდეს ევროპის ნაწილი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ყველასთვის აშკარა და გარდაუვალია. ქართველი ხალხის 75%, ნატოში გაწევრიანების მომხრეა და ასეც იქნება. ამ კუთხით, ჩვენ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ვუწყობთ ხელს. მაგრამ, ასევე წვლილი შეგვაქვს ევროპული საზოგადოების უსაფრთხოებაში. საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ვამაყობთ, რომ ჩვენ საფრანგეთისა და კოალიციური ძალების სხვა მოკავშირეებთან ერთად, ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით. საქართველოს ენდობიან და სანდო პარტნიორად აღიქვამენ“.
ინტერვიუს ბოლოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასა და რეგიონალურ უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობა გვაკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან. რეგიონში აზერბაიჯანთან ერთად განვითარების პროექტები ხორციელდება. ამ ქვეყანას კარგად ესმის, რომ რეგიონის ქვეყნებს შორისდაპირისპირების შემთხვევაში, წარმატებულ პროექტებს საფრთხე დაემუქრება. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ქვეყნებს შორის დაძაბულობის განმუხტვის კუთხით. საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს რეგიონის განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
სატელევიზიო ინტერვიუს დასკვნით ნაწილში, ირაკლი ალასანიამ მკაფიოდ განმარტა, რომსაქართველო რეგიონის ქვეყნებსა და რუსეთს კიდევ ერთი კონფლიქტის ესკალაციის საბაბს არასდროს მისცემს, თუმცა ქვეყანა მზადაა თავდაცვისთვის.