ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ, ხანდახან არარადიკალურიც, კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმა გასაჯაროვდება და დაიწყებენ მის შესასრულებლად ისეთივე წარმატებით მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდნენ.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ნახეთ განადგურებულია, ფაქტობრივად. თქვენ ნახეთ, რომ პარასკევს, როდესაც გვქონდა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვანი ბოლო სხდომა იყო, რადგან სესია იხურება, ჰიმნი გაჟღერდა, ნახეთ, ოპოზიციის თითო-ოროლა წარმომადგენელი იმყოფებოდა სხდომაზე. როდესაც ჩვენ კანდიდატი სტატუსი მოგვენიჭა, მეორე დღეს სხდომაზეც კი არ მოვიდნენ, რათა ეს არ აღენიშნათ. აღარ ვსაუბრობ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფაქტი არ გახარებია.
„ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს გეგმა ჩაუვარდათ. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანას ვერ მიეღო სტატუსი. დადიოდნენ კაბინეტ-კაბინეტ, ატალახებული ჰქონდათ ბრიუსელის, თუ სხვა დედაქალაქების კაბინეტები, რათა დაერწმუნებინათ ევროპელი პოლიტიკოსები, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. მათ და რამდენიმე მილიონერ ენჯეოს ეს მიზანი ჰქონდათ დასახული. ნახეთ, რომ ამაზე ენჯეოები სტატიებს წერდნენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიცემა გადაეწიათ, ან ისე მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, რომ ეს ოპოზიციის ხელში იარაღად ქცეულიყო. ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ, ხანდახან არარადიკალურიც, კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიის წინაშე“, - პაპაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.