იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო იმის მიუხედავადაც კი, რომ პროპორცია გარკვეულ რეალობას ემთხვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან დისკუსია ჰქონდათ.
„გვქონდა დღეს შეხვედრა NDI-ს ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და გვქონდა დისკუსია. არ დაგიმალავთ და გავახმოვანებ ამ ამბავს. მინდა მათ მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო, თუმცა გაგიმხილოთ საუბრის გარკვეული დეტალები და ეს არ იქნება რაიმე შეთანხმების დარღვევა, რადგან მსგავსი შეთანხმება არ გვქონია. თუ შევხედავთ NDI-ს კვლევით გახმოვანებულ მონაცემებს, საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC-მ, რომელიც კარგად ვიცით, ვისთან დაკავშირებული კომპანიაც არის. რადგან NDI კვლავ უკვეთს CRRC-ის მიუხედავად ამდენი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული პროცენტის ცდომილებისა, კი ბატონო, ვიკამათოთ ამ ფარგლებში. ეს კამათი მოიცავს ჩვენი მხრიდან არგუმენტს, რომლის მიხედვითაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თუ მხოლოდ იმ ნაწილს ავიღებთ [კვლევის], ვინც პასუხი გასცა კითხვაზე - რომელია მისი ფავორიტი პარტია, აქ პროპორციის მიხედვით, გამოდის ზუსტად იგივე მონაცემები, რაც „იმედმა“ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. „გორბის“ კვლევას ვგულისხმობ. თუ 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და 16% ამბობს, რომ დანარჩენს [პარტიებს], ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც დააფიქსირა პოზიცია, 55%-მდე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და დანარჩენი ოპოზიციას. 65% ამბობს, რომ ან არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს, ან არ უმხელს მკვლევარს [პოზიციას]. თუ 65%-დან მკვლევარს ვერ მოაქვს პასუხი, შეიძლება თუ არა, რომ ასეთი კვლევა სანდოდ ჩავთვალოთ?! სულ რომ იმ პროპორციებს დავეყრდნოთ, რომელიც „გორბის“ მონაცემებს დაემთხვა ერთი-ერთში, უკვე ოპოზიციაში შიდა პროპორციაა დარღვეული და გეტყვით აქაც მარტივ მონაცემს. თუ 12% აქვს ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“ 4%, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ 35%-მდე აქვს ოპოზიციას მხარდაჭერა „ნაცმოძრაობის“ გარდა. თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ვინმემ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებზე აიღებენ 35%-ს? ხომ წარმოუდგენელი ამბავია, რომ შეიკრიბოს „ლელო“, გახარია, „გირჩები“ და ერთად აიღონ 35%. მაშინ ყველას გადაულახავს 8%-იანი გარანტირებული მაჩვენებლით. წარმოუდგენელია. იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო იმის მიუხედავადაც კი, რომ პროპორცია გარკვეულ რეალობას ემთხვევა. შესაბამისად, არ გვაქვს საველე-სამუშაოების ჩამტარებელ კომპანიასთან ნდობა, რომელიც ყოველთვის ცდება 20-30%-ით რეალურ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.