საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას, STEM მიმართულებით ცოდნის მიღებასა და მათ განვითარებას.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების სურვილი 200-მდე სკოლამ გამოთქვა. თითოეულმა კი ოლიმპიადაზე საასპარეზოდ 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარადგინა.
ოლიმპიადაში მონაწილეობას VII-XI კლასის 1000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს და ისინი ერთმანეთს ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის საგნებში შეეჯიბრებიან.
ოლიმპიადის ფარგლებში ორი – თეორიული (19 იანვარს) და პრაქტიკული (მაისი) ტური გაიმართება.
იმისთვის, რომ გუნდები ოლიმპიადის თეორიული ტურისთვის კარგად მოემზადონ, მათ 19 იანვრამდე ექნებათ წვდომა საკითხებზე და, ამასთან, თითოეულ საგანში ჩაუტარდებათ 5 საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. პრაქტიკული ტურისთვის კი საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდის წევრები, მენტორებთან ერთად, სამთვიან კურსს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიკროკონტროლერის დაპროგრამებას შეისწავლიან.
პირველ ეტაპზე, მონაწილეებს ტესტი ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ჩაუტარდებათ. შედეგად, გუნდის წევრების მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებელი დაჯამდება და მათგან 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ასპარეზობას ფინალურ ტურში გააგრძელებენ.
„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც STEM მიმართულებით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა STEM ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რეგიონის სკოლის მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გაიღრმავონ ცოდნა STEM მიმართულებით. გვახარებს ოლიმპიადის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი, რაც გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
ინფორმაციისთვის, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პრიზით დასაჩუქრდებიან. პირველი ადგილის მფლობელები საგანმანათლებლო ვიზიტით შვეიცარიაში, ჟენევაში, CERN-ის კვლევით ცენტრში გაემგზავრებიან. ამასთან, მათი სკოლის შენობაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით გაიხსნება. მეორე-მესამე ადგილის მფლობელებს კი ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცემათ.