ქალბატონ სამადაშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს მოვუწოდებ, საკუთარი განათლების დონეს მიხედონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამადაშვილი „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია და იმ პასუხისმგებლობას იზიარებს, რაც მათი მმართველობის დროს იყო.
„განათლება მარტო ის არ არის, 5-6 წიგნი ჰქონდეთ წაკითხული, ბევრს აქაც ვერ დაიკვეხნიან ალბათ, მაგრამ მარტო წიგნის წაკითხვა არ შველის, კიდეც რომ ჰქონდეთ რამდენიმე ათეული წაკითხული. განათლების დონე იმას გულისხმობს, რომ ახალგაზრდებს, შენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. თუკი ამ სფეროში [განათლების სისტემა] ჩვენ რამე პრობლემა გვაქვს, ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია აბსოლუტურად მოშლილი განათლების სისტემა მათი მმართველობის დროს. სამადაშვილს დღეს რომ „ლელოობა“ მოუნდა, ის ხომ რეალურად „ნაცია“, ხომ ვიცით „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია და იმ პასუხისმგებლობას იზიარებს, რაც მათი მმართველობის დროს იყო. თუკი რამე პრობლემებია ამ მიმართულებით, არის „ნაცმოძრაობის“ პერიოდიდან მოყოლებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღითი-დღე უმჯობესდება [განათლების სისტემის] ხარისხი, სოციალური გარანტიებიდან დაწყებული, პროგრამებით გაგრძელებული. დღემდე სასკოლო სახელმძღვანელოებში და მსგავს ლიტერატურაში დავდევთ იმ პატარა-პატარა ნაღმებს, ხანდახან თითო ფრაზაშიც რომ არის ხოლმე გამოხატული და ნაღმია. ბავშვის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს სხვაგვარად, ისტორიას ამახინჯებს და ა.შ. ასეთ ნაღმებს დავდევთ. გიორგი ამილახვარს დღეს კომისიების შექმნა უწევს, რომ საბოლოოდ ასეთი ნაღმები აღმოიფხვრას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.