„ნაცმოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ამდენი თვის მუშაობის, კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება, თუ პარტიიდან, ეს ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს. შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილიც ყველანაირად ცდილობს, რომ პარტიაში იყოს დაპირისპირება და კინკლაობა, რომ ამით, პატიმრობიდან დაამტკიცოს, რომ მის გარდა მხსნელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თუ შემაკავშირებელი ადამიანი სხვა არავინაა“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
მოგვიანებით განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.