მაია ბითაძე ოპოზიციაზე: პირად ზიზღში აქვთ გადატანილი ყველა ის წარმატება, რაც შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს არ ხდება მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს

მაია ბითაძე ოპოზიციაზე: პირად ზიზღში აქვთ გადატანილი ყველა ის წარმატება, რაც შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს არ ხდება მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს

პირად ზიზღში აქვთ გადატანილი ყველა ის წარმატება, რაც შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს არ ხდება მათ [ხელისუფლებაში ყოფნის] დროს, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე „ქრონიკაში“ პრემიერის მიერ დაანონსებულ ზეიმთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

„რადიკალურ ოპოზიციას ოპონენტებს ვერც დავარქმევ, რადგან მგონია, რომ პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ. კანდიდატის სტატუსის თაობაზე დადებით რეკომენდაციაზე, რომელიც მთლიანად გარდა ქართველი ხალხისა, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგი იყო, ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენ არ გვიხაროდა, სინამდვილეში მათ ჩამოსტიროდათ სახეები. აბსოლუტურად გონივრული და სახელმწიფოებრივია, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ნამდვილი სახალხო ზეიმი. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ალბათ ახსოვთ წარსული გამოცდილება, როდესაც ისინი ცუდზე ზეიმობდნენ ხოლმე და კარგს მოსახლეობას ცუდად წარმოუჩენდნენ. ეს არის მათი თვალთახედვით ევროპული მომავალი - ის ევროპული მომავალი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად უთხრიან ძირს. თუნდაც დღეს მათი განცხადებები რომ მოვისმინე, როგორც საქართველოს მოქალაქეს ძალიან გამიკვირდა, შეიძლება ითქვას, რომ აღვშფოთდი, რადგან ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ პროცესში [9 პრიორიტეტის შესრულებისთვის] „ქართულ ოცნებასთან“ ჩავერთვებით თუ არა, ამაზეც კი ვფიქრობთო. პირად ზიზღში აქვთ გადატანილი ყველა ის წარმატება, რაც შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს არ ხდება მათ [ხელისუფლებაში ყოფნის] დროს. ეს მათ დროს ვერც მოხდებოდა, რადგან ყველაფერი, რასაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, ძირს უთხრიდა საქართველოს ნათელ მომავალს და ახლა ოპოზიციიდან აკეთებენ ამას“, - აღნიშნა ბითაძემ.

სავარაუდოდ 15 დეკემბერს, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, გვინდა გავმართოთ საერთო, ხალხის ეროვნული გამარჯვების ზეიმი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.