გიორგი პატარაია: ხაბეიშვილის გუშინდელი ქმედება სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, საჭიროა, ჩატარდეს თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები

გიორგი პატარაია: ხაბეიშვილის გუშინდელი ქმედება სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, საჭიროა, ჩატარდეს თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები

სამწუხაროდ, ხაბეიშვილის მხრიდან ძალიან სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

გიორგი პატარაიას თქმით, ეს წარმოუდგენელი ამბავია.

„ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და რაღაც სასჯელებს უწესებდნენ. წარმოუდგენელი ამბავია იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხან მიდიოდა და ხან მოდიოდა“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

ამასთან, როგორც გიორგი პატარაიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს.

„ნამდვილად არასდროს არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ პარტიაში ვარ 22 წელიწადია და არც ახლა ვაპირებ წასვლას. აღნიშნული პიროვნება (ხაბეიშვილი) თუ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგას ვიხილავთ. შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პარტიიდან ვინმეს გარიცხა ან გაგდება არავის არასდროს მოსვლია აზრად. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.