ალუდა ღუდუშაური: ვფიქრობ, რომ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა გარდაუვალია

ალუდა ღუდუშაური: ვფიქრობ, რომ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა გარდაუვალია

ვფიქრობ, რომ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა გარდაუვალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნული რომ მეორე ნულს აეკიდება, ამით ჰგონიათ, რომ როგორმე შეიძლება რაღაც ციფრი მიიღონ. რა პოლიტიკური წონის მატარებელია ქალბატონი ზურაბიშვილი, ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობ, ძალიან კარგად იცის. მას რეალურად არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

მან ასევე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის 7 ნოემბრის საქმეზე გამოკითხვასთან დაკავშირებითაც.

„ 7 ნოემბრის საკითხი ვფიქრობ, იმდენად დიდი მნიშვნელობისაა და იმდენად მგრძნობიარეა თავისი დატვირთვით, ძალიან მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია მისი დაკითხვა. ჩემი ღრმა რწმენით, ამას სჭირდება სიღრმეებში შესვლა, სჭირდება გამოკვლევა, გამოძიება, რამეთუ ასეთი სერიოზული და უაღრესად მნიშვნელოვანი თემების იგნორირება და გვერდზე გადადება იქნება კანონთან წინააღმდეგობაში. მეტიც, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელობის მქონე საკითხები იყოს სრულფასოვნად შესწავლილი. საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ასეთი დონისა და მნიშვნელობის მქონე თემებთან დაკავშირებით დიახაც, გამოძიების შედეგად დადებული დასკვნებით იხელმძღვანელოს და ამას სჭირდება სიღრმისეული ჩაყოლა“,- განაცხადა ღუდუშაურმა.