დავით ზარდიაშვილი: ადამიანური სისულელე მეორდება, ხოლო მარკ ტვენი და დიტო გელოვანიც ამ სისულელეს საუკეთესოდ  დახატავდნენ და დაგვანახებდნენ....

დავით ზარდიაშვილი: ადამიანური სისულელე მეორდება, ხოლო მარკ ტვენი და დიტო გელოვანიც ამ სისულელეს საუკეთესოდ  დახატავდნენ და დაგვანახებდნენ....

 ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გია იაკობაშვილს, იგივე დიტო გელოვანს, იგივე - გიგი მესვეტეს თავის ბასრ პამფლეტებში ამა თუ იმ სიტუაციის ამომწურავი და ზუსტი დახასიათებისათვის ხშირად მოჰყავდა ხოლმე ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. თავად ასე ხსნიდა ამ ძალიან ეფექტიან და ეფექტურ ხერხს: ""ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ხაზს ვუსვამ - არაფერი ხდება ისეთი, რაც არ მომხდარა და რაც არ მოხდება. ყველაფერი დაწერილია და აღწერილი. ისტორია იმ სიხშირით მეორდება, რა სიხშირითაც მეორდება ჩვენი ანუ ადამიანების სისულელე" ...

სამწუხაროა, რომ დიტო გელოვანის და გიგი მესვეტეს შემოქმედება ქართულ პუბლიცისტიკას თითქოსდა აღარც სჭირდება, რადგან მთელი ფეისბუქი და ტელევიზია ნონ სტოპ რეჟიმში, ონლაინ, კვირაში 7 დღე და დღე-ღამეში 24 საათი ღადაობს! პუბლიცისტიკისათვის ვიღას სცალია. ეს არის მიზეზი, რის გამოც გიამაც თავისი კალამი გვერდზე გადადო.

არადა, პარადოქსია; ნამდვილი პუბლიცისტიკა მართლაც გაიფურჩქნა სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვისას, სააკაშვილის პერიოდში: მაგალითად,  მარტო "ფორ, ჯი" რად ღირს და არა მარტო იქ გამოქყვენებული წერილები, მათ შორის, იგივე გიას ყოველკვირეული შედევრები ორშაბათობით, არამედ, რაც მთავარია - ამ წერილების კომენტარები, რაც გამაოგნებელი, ვულკანური ნაზავი იყო სერიზული მსჯელობისაც, , უაღრესად ტევადი, არც თუ იშვიათად - დახვეწილი,  ღრმად ფილოსოფიური განაზრებებისა,  ხელოვნების რანგში აყვანილი ღადავისა თუ უმწვავესი სატირისა; ეს მართლაც საოცარი ფორუმი, აგორა თუ რაც გინდათ დაარქვით, გახლდათ  - სადაც ცოცხალი აზრი  და სიტყვა დუღდა და გადმოდუღდა, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება კი, მიუხედავად სააკაშვილის რეჟიმისა, ვითარცა ნამვილი ვულკანი შეუძლებელია თუნდაც რეპრესიებით შეზღუდულიყო, რადგან გააჩუმებ ერთს, იყვირებს ათი და ფორ.გეს არც პუბლიცისტები და არც კომენტატორები ვერ დაელეოდა!

ახლა, რასაც ვხედავთ,  იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს ხომ პუბლიცისტიკა არ არის, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები -  მარაზმია.

აი, პუბლიცისტიკა რომ იყოს, ვინმე მაინც გაიხსენებდა იგივე გიას მიერ მეგობრებისთვის მოყოლილ ეპიზოდს მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავლიდან", რომელიც ზუსტად და ამომწურავად, ერთი ფრაზით, აღწერს მთელს გროტესკულ სიტუაციას, რაც, მაგალითად, დაკავშირებულია სააკაშვილის შეწყალებასთან: როგორც "ტომ სოიერშია", ინდიელი ჯოს შეწყალებისათვის შეიქმნა ძაძებით შემოსილ "ტუტრუცანა ქალების კომიტეტი", ანალოგიურად მოხდა აქაც, არაერთი კომიტეტი ტუტურცანებისა, ქალებისაც და კაცებისაც, გამოვიდა ასპარეზზე. ცხადია:   ადამიანური სისულელე მეორდება, ხოლო მარკ ტვენი და დიტო გელოვანიც ამ სისულელეს საუკეთესოდ  დახატავდნენ და დაგვანახებდნენ....

პუბლიცისტიკა რომ იყოს, იმასაც დავინახავდით კარგად, რომ  ჩვენი სიტუაცია  - ე.ი. სააკაშვისლის შეწყალება, ინდიელის ჯოს შესაწყალებლად ტუტრუცანობისგან  ოდნავ განსხვავებულია.  თუნდაც იმიტომ, რომ აქ  ტუტრუცანობის ჩემპიონი  პრეზიდენტი ვერ დაიყოლიეს ტუტრუცანთა კომიტეტებმა და სააკაშვილის შეწყალება ჯერჯერობით არ ჩანს. მაგრამ ჩანს ასეთი პოლიტ-პერსპექტივა: ტუტრუცანათა  კომიტეტები - ანუ "ტუკი", კონსოლიდირდება, ტუტრუცანათა ჩემპიონ სალომესაც მიიერთებს და საარცევნოდ ტუტრუცანათა პარტიად ანუ "ტუპად" ჩამოყალიბდება! . ხოლო ვინც მათ ხმას მისცემს, "ტუპისტები" არიან, თუმცა უეჭველად -   "ტუპიაკებად" უნდა მოვიხსენიოთ. ტუპიაკებად, იმიტომ,  რუსული რომ არ დაგვავიწყდეს.

ეს, რაც ბოლო აბზაცში დავწერე - პუბლიცისტიკას ვერაფრით ქაჩავს, უარესიც - ღადავადაც კი მდარეა. აი, პუბლიცისტიკა რომ გვქონდეს - ტუკ-ტუპი ათასგზის იქნებოდა დამარხული!“