შსს-ში უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

შსს-ში უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. კოლეგა ძალოვანი უწყებიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ძალოვანი მინისტრების მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები.

მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის, შსს-ს აკადემიასა და თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ერთობლივი წვრთნების ჩატარება. უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

ძალოვან სამინისტროებს შორის სამუშაო შეხვედრა უკვე მესამედ ჩატარდა. თებერვალში, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ანალოგიურ შეხვედრაზე მინისტრებმა ეფექტიანი კოორდინაციისა და ორივე უწყების ქვედანაყოფებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს, ასევე შეთანხმდნენ თავდაცვისა და შს სამინისტროებში არსებული ლოგისტიკური პრობლემების ერთიანი ძალებით მოგვარებაზე.