ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია უნდა ჰქონდეს და ახლა ოპოზიციური პარტიები პირობის შესრულებას ითხოვენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საარჩევნოდ ბარიერის დაწევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ დადებითი რეკომენდაცია გვექნება, ჩვენ დავუბრუნდებით ბარიერის საკითხსო. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია უნდა ჰქონდეს და ახლა ოპოზიციური პარტიები პირობის შესრულებას ითხოვენ.
არავის უთქვამს 2022 წელი და 2022 წელს ვერც იტყოდა. დეკემბერში ჰქონდათ ერთი რეკომენდაცია შესრულებული. კიდევ კარგი, რომ მაშინ არ განიხილეს, თორემ დავრჩებოდით სტატუსის გარეშე.
თუ მოვიქცევით ისე, როგორც ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა ექცეოდა კომუნისტურ პარტიას - თან მუშაობა, თან პროტესტი, მაშინ შეიძლება მივაღწიოთ, სამართლიან საარჩევნო სისტემას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მმართველ გუნდში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად გაცოცხლებულ თემას უწოდებენ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალები რევოლუციური გეგმების გარეშე დარჩნენ და ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხით, სპეკულაციების მოწყობას ცდილობენ.