ნამდვილად სამწუხაროა, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი პარტია, და ეს არის კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“, ლახავს საარჩევნო ბარიერს და სხვა ვერცერთი პარტია ბარიერს ვერ ლახავს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
მისი თქმით, რეალური, ოდნავ მაინც ჭკუასთან ახლოს რომ იყოს ისეთი კამპანია ვერცერთმა პარტიამ ამომრჩეველს ვერ შესთავაზა.
„ნამდვილად სამწუხაროა, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი პარტია და ეს არის კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავს საარჩევნო ბარიერს და სხვა ვერცერთი პარტია ბარიერს ვერ ლახავს, ეს არ არის კარგი ამბავი. მაგრამ ეს რაზეა იცით დამოკიდებული? როდესაც ისინი ირჩევენ საერთო, მავნებლურ კამპანიას, გამოგონილზე ჯერ რომ ბრაზდებიან და მერე კამპანიას აწარმოებენ, საერთო ინტერესები აქვთ და ერთნაირი მესიჯებით გამოდიან საზოგადოების წინაშე, ეს მისი [„ნაციონალური მოძრაობა“] მავნებლური ტყუილი მესიჯბოქსი და ამ მესიჯბოქსს იზიარებს და იჯერებს ვიღაც, ვისაც გულწრფელად სჯერა, ის ირჩევს „ნაციონალურ მოძრაობას. ზუსტად იმავეს რომ ლაპარაკობს სხვა პარტია, ადამიანები ფიქრობენ, თუ უნდა დაუჯეროს ამას, „ნაციც“ არის და იმას უჯერებს. განსხვავება მათ შორის არ არის და ამიტომ ვეძახით ჩვენ ნაცმოძრაობის კლასტერს და დავალებების მიმღებებს ერთად აღებულს და ამიტომ ამომრჩეველიც სხვა პარტიებს არ უჭერს მხარს. ხელისუფლება პრორუსია, უნდა ჩამოვაგდოთ, უნდა დავამხოთ ამ სულელური, აბსურდული მესიჯის გარდა მესიჯი არ აქვთ და ამაზე აგებენ კამპანიას. ამაზე ერთმა უკვე ააგო კამპანია და სხვა რეალური, ოდნავ მაინც ჭკუასთან ახლოს რომ იყოს ვერცერთმა პარტიამ ამომრჩეველს ვერ შესთავაზა და ამიტომ არიან ყველა ერთად 3 %-იანი და არიან ამ რეალობაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.